ბათუმში სტიქიამ პრობლემები შექმნა.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქში სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად, პრობლემები შეიქმნა რიგ ქუჩებზე. კერძოდ, ადიდდა მდინარეები, ძლიერი ქარის გამო დაზიანდა და წაიქცა ხეები, რომლებიც რამდენიმე შემთხვევაში ავტომობილებს დაეცა.
„ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება. ასევე, ძლიერი ქარის გამო დაფიქსირდა ხეების წაქცევის, მცენარეების, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებების, ელექტროსადენებისა და ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების ფაქტები. რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები. ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.