სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2023 წლის 9 ივლისს „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც უწყების დისკრედიტაციის მიზნით, მის საქმიანობასთან და მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით არაერთი ტყუილი გაჟღერდა,” – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“ჟურნალისტი ჯერ კიდევ მის მონოლოგში, სიტუაციის დრამატიზების და უწყების დისკრედიტაციის მიზნით აჟღერებს მიზანმიმართულ ტყუილს, როდესაც ამბობს, რომ პრაიდის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციის გულგრილობა და შეკრებისა და გამოხატვის უფლების ხელყოფა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულები თითქოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს, მაშინ როდესაც ეს დანაშაულები, თუკი მათ ადგილი ჰქონდათ, კანონით არ განეკუთვნება უწყების საგამოძიებო უფლებამოსილებას. ასევე, სიუჟეტში საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ მთავარი არხის ჟურნალისტებს შორის კერძო საუბრის უნებართვოდ მიყურადება-ჩაწერის ფაქტზე მიმდინარე საქმეს, რასთან დაკავშირებითაც არაერთი მიზანმიმართული ტყუილი ითქვა. კერძოდ, მოვისმინეთ თითქოს უწყებამ მხოლოდ გამოძიება დაიწყო, გამოკითხა ჟურნალისტები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, მათ შორის არ იქნა გამოთხოვილი ჩანაწერი, არ მომხდარა ექსპერტიზის დანიშვნა და არ იქნა ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერები.
მაშინ როდესაც, 2021 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დიდი დროის გასვლის მიუხედავად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხის” თანხმობით, სპეციალისტების მონაწილეობით გამოძიების მიერ დათვალიერდა „მთავარი არხის” გადაცემა „Post Factum”-ის ნიუსრუმის ოთახი, რა დროსაც რაიმე ჩამწერი მოწყობილობა ოთახში ნანახი და აღმოჩენილი ვერ იქნა; გამოთხოვილ იქნა გამოძიებისთვის საინტერესო აუდიოჩანაწერი და მასზე სსიპ ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იქნა კომპლექსური ვიდეო, ფონო და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც წარმოდგენილია საქმეში; გამოძიებამ ასევე ყველაფერი გააკეთა მეხსიერების ბარათის გადაცემის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერების ამოსაღებად, რისი ამსახველი საპროცესო დოკუმენტებიც წარმოდგენილია საქმეში. რაც შეეხება სიუჟეტში გასულ მეორე საქმეს, რომელიც შეეხება მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტს, სადაც რესპონდენტმა ახსენა თითქოს გამოძიებამ არაფერი გააკეთა მისი დაზიანების გამოსაკვლევად, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული მცდარი ინფორმაციაც სიუჟეტის მორიგი სიყალბე გახლდათ.
სინამდვილეში, ირაკლი მილაძემ სამედიცინო ექსპერტის წინაშე წარდგომაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. აღნიშნულის გამო, ირაკლი მილაძის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ამოღებულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილია საქმეში. მორიგი მიზანმიმართული ტყუილი იყო, როდესაც რესპონდენტმა ედუარდ მარიკაშვილმა თითქოს უწყების წლიურ ანგარიშზე დაბეჯითებით საუბრისას თქვა, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით არცერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არ არის, მაშინ როდესაც 1 წლიანი მუშაობის შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და შესაბამისად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებულ იქნა 31 სამართალდამცავი, საიდანაც 8 ფაქტი ეხებოდა სწორედ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული შედეგი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახსნის კუთხით, 100%-ით აღემატება წინამორბედი სამსახურის 2020 წლის მთლიანი წლის შედეგს და 33% – ით აღემატება 2021 წლის მთლიანი წლის შედეგებს.
რაც შეეხება გამოძიების შედეგებს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც ასევე ისეთი ფორმით წარმოჩნდა სიუჟეტში, თითქოს გამოძიება თავს ვერ ან არ ართმევს ამ გამოწვევას, უნდა აღინიშნოს, რომ 1 წლის შედეგებით, გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო და 8 პირი იქნა მხილებული, მათ შორის ორი პირი „მთავარი არხის” თანამშრომლებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. სიუჟეტში ასევე აღინიშნა, რომ უწყებამ თითქოს მის წლიურ ანგარიშში არ ისაუბრა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წლიური ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. მიუხედავად კანონის ამ ჩანაწერისა, ჟურნალისტი კანონის არ ცოდნის თუ შეგნებულად სიცრუის გაჟღერებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეცადა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით კი უწყებამ წლის მანძილზე ათეულობით განმარტება გააკეთა, რომელიც არა წლიური ანგარიშით, არამედ გავრცელებული 50 განცხადებით, 8 ბრიფინგით და არაერთი სატელევიზიო კომენტარით გაკეთდა. ჟურნალისტი მონოლოგში ასევე ახსენებს 7-9 მარტის აქციების დროს ზაზა ბიღიაშვილის თვალის დაკარგვის ეპიზოდს და უთითებს, რომ უწყებამ ვერ გაარკვია ამ ინციდენტზე ვერაფერი, მაშინ როდესაც ჟურნალისტს ყალბი ცნობების გავრცელების მაგივრად რომ მოემართა საგამოძიებო სამსახურისთვის შეიტყობდა, რომ თვალზე დაზიანების მიყენების ამსახველი ვიდეოჩანაწერი უკვე მოპოვებულია გამოძიების მიერ, იგი წარედგინა თავად ბატონ ზაზა ბიღიაშვილს და მის ადვოკატს და დაიგეგმა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები. 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არის კომპლექსური და მასშტაბური, გამოძიების პროცესი არის ღია და გამჭვირვალე და მასში ჩართული არიან დაინტერესებული პირები. გამოძიების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე დეტალური ინფორმაცია უწყებამ მედიაომბუდსმენს და არასამთავრობო ორგანიზაციებს 7 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა. ნიშანდობლივია, რომ „მთავარი არხის” წარმომადგენელს სიუჟეტში გაჟღერებულ საქმეებზე საერთოდ არ მოუმართავს საგამოძიებო სამსახურისთვის და არ დაინტერესებულა პასუხით, რაც პირდაპირ ამტკიცებს იმას, რომ მათი მიზანი ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით სამსახურის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. ხსენებულ მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საზოგადოების წინაზე ანგარიშვალდებულება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ უწყება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დაინტერესებული პირებისთვის სწორი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაციის მიწოდებას,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.