ლაშა ბერიძე – “თავდაცვის კოდექსში” არის პოზიტიური მომენტები და ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული სამსახურის შექმნა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამის უკან არ დგას სამხედრო გეგმა

“თავდაცვის კოდექსში”, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური მომენტები და ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული სამსახურის შექმნა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამის უკან არ დგას სამხედრო გეგმა – ანუ როგორ უნდა შევასრულოთ ეს ეროვნული სამსახური”,- ამის შესახებ პოლკოვნიკი, ლაშა ბერიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

პოლკოვნიკი ინტერვიუში “თავდაცვის კოდექსს” აფასებს.

“თავისთავად ეს ძალიან კარგია, ამის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მხოლოდ კოდექსი ამას ვერ უშველის. ქვეყნის თავდაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს და ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა მოვამზადოთ ისინი თავდაცვისთვის, მაგრამ ძალზე არაორგანიზებულად არის გაწერილი, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. ტერმინებიც კი არეულია, უფრო კოპი-პეისტი იგრძნობა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯი. ამ კანონპროექტში ძალიან არ მომწონს: პირველი – პოლიციური კანონი. მოქალაქეებს ძალდატანებით აკეთებინებ რაღაცებს და ეს ძალიან ცუდია. ამასთან, სამხედრო პოლიციას ისეთი ფუნქციები ენიჭება, მგონი, თავად შსს-საც კი არა აქვს. თავდაცვა არ არის პოლიციური სისტემა, ამ კანონით კი მისი გაპოლიციურება ხდება; მეორე – ძალიან არ მომწონს, რომ მდიდრებზე მორგებული კანონია. მოკლედ, არის მოსაწონიც, მაგრამ მთლიანობაში უარყოფითი უფრო ბევრია.

კანონი სამხედრო სისტემის გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. ეს აბსურდია. კანონი არის იმისთვის, რომ ნორმები დარეგულირდეს, თუ რა უნდა გაკეთდეს. თუკი თავდაცვის სამინისტრომ ხალხი არ მოამზადა, წვრთნები არ ჩაატარა, კანონი რას ცვლის? არაფერს. კი, ეროვნული სამსახურის იდეას მივესალმები, მაგრამ ისეთი კომპონენტები აქვს დამატებული, რაც მიუღებელია დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში. ეროვნული სამსახური არის მსოფლიოში დანერგილი სისტემა, მაგალითად, ფინეთში, ისრაელში, ახლა არაბულმა ქვეყნებმაც დაიწყეს დანერგვა – 4 წელი ამაზე ვმუშაობდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეროვნული სისტემა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნის ისეთ სისტემას, როდესაც ქვეყნის დაცვა არა მარტო ჯარის, არამედ, ფაქტობრივად, ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ყველას ამზადებენ ამისთვის, მათი შესაძლებლობების და უნარების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ თავდაცვა. საქართველოსთვის ეს ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ეს კანონი არ არის ისეთი, რომ ამ იდეას პასუხობდეს და პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობას იძლეოდეს.

ეროვნული სამსახური ნიშნავს, რომ თითქმის ყველა მამაკაცი მომზადდეს, გაიაროს სამსახური, შემდეგ ჩაირიცხოს რეზერვში. უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზებული ეფექტური სარეზერვო ქვედანაყოფები. ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული ქვეყნის თავდაცვაში. თავდაცვისა და შეიარაღებულმა ძალებმა უნდა მოამზადონ მოსახლეობა, უხელმძღვანელონ კრიზისების დროს. ეს მხოლოდ ტერმინების კანონია, მასში ვერ ვხედავ იმას, რაც ეროვნულ სამსახურს უნდა ჰქონდეს… საქართველოს ის რეზერვი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება, არ ჰყავს. ჰყავს ნებაყოფლობითი რეზერვი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ძალიან მცირე ამოცანის შესრულებას შეძლებს. რა იქნება ამ ახალი კანონის მიხედვით, ძნელი სათქმელია. კიდევ ერთხელ ვამბობ – ეს კანონი ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია არსებულთან შედარებით, მაგრამ მხოლოდ ტერმინების დონეზე, ამის იქით რა უნდა გაკეთდეს, არ ჩანს, ეს არ არის ის, რაც საქართველოს თავდაცვას სჭირდება.

ჩვენ დღეს ისევ კომისარიატების გაწვევის სისტემაში ვართ. სახელი კი გადაარქვეს, მაგრამ არსით ისევ საბჭოთა კავშირის კომისარიატების სისტემაა. გაწვევა უნდა ჩაატაროს თავდაცვის სამინისტრომ. როდესაც მოქალაქეები ჯარში მიდიან, ნებაყოფლობით თუ ვალდებულებით, მათ უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ კარგ სამხედრო მომზადებას გაივლიან, 6 თვეში თუ ერთ წელიწადში მნიშვნელოვან უნარებს შეიძენენ, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ. იმას არ უნდა ფიქრობდნენ, დროს ტყუილად დავკარგავთო”,- განაცხადა ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები