მორის ტილეს ისტორია – ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა ნამდვილი შრეკი

ანიმაციური ფილმის, “შრეკის” რამდენიმე ნაწილის გამოშვების შემდეგ, კინოსტუდია DreamWorks-მა, რატომღაც, დამალა ის ფაქტი, რომ მწვანე ჭაობის გიგანტის პროტოტიპი რეალური პიროვნება იყო. მოჭიდავე მორის ტილეს ფოტოს ერთი შეხედვაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ სწორედ მან შთააგონა მხატვრები გმირის იმიჯზე მუშაობისას.

მორის ტილე დაიბადა რუსეთში, ჩელიაბინსკის მახლობლად, 1903 წელს. ფრანგული ოჯახი სამხრეთ ურალზე შემთხვევით არ აღმოჩენილა – მორისის მამა კონტრაქტით მუშაობდა ინჟინრად ტრანსციმბირული რკინიგზის მშენებლობაზე. ბიჭის დედა რკინიგზელების შვილებს ფრანგულს ასწავლიდა, რაც იმ დროს ძალიან მოთხოვნადი იყო.

მორისს მამა ძალიან ადრე გარდაეცვალა, დედამისს კი, ბიჭის აღზრდაზე თავად უნდა ეზრუნა. ალბათ, დედამისის ძალისხმევით დაეუფლა ტილე ენებს და ზრდასრულ ასაკში, ფრანგულისა და რუსულის გარდა, თავისუფლად შეეძლო ინგლისურ და გერმანულ ენაზე საუბარი.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დედა-შვილი დაუბრუნდა საფრანგეთში, სადაც მორისმა დაამთავრა რეიმსის პრესტიჟული კოლეჯი და ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ახალგაზრდა ტილეს სტუდენტური ცხოვრების დაწყება დაემთხვა ჯანმრთელობის გაუარესებას – მორისს დაუდგინეს აკრომეგალია (ნეიროენდოკრინული სისტემის მძიმე დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ე.წ. ზრდის ჰორმონის ჰიპერსეკრეციით).

დაავადებას, რომლის დროსაც ხდება ძვლების გადაჭარბებული ზრდა, არ შეუშალა ხელი ახალგაზრდას უნივერსიტეტში სწავლასა და პროფესიონალური რაგბის თამაშში. მაგრამ, სამწუხაროდ, გარეგნობის ცვლილების გამო, ადვოკატის კარიერა, რაზეც ახალგაზრდა ოცნებობდა, დავიწყებას მიეცა.

როდესაც მორისის გარეგნობა ძალიან შეიცვალა, მან სინანულით მიატოვა სწავლა და დაიწყო ცხოვრებაში ისეთი ადგილის ძებნა, სადაც ქმედებებია მნიშვნელოვანი და არა გარეგნობა. ტილეს გამოსავალი იყო საზღვაო ფლოტი – ახალგაზრდა კაცმა სამხედრო გემზე მექანიკოსად მიიღო სამუშაო, სადაც მან გაატარა სიცოცხლის მომდევნო ხუთი წელი.

სწორედ საზღვაო ფლოტში დაინტერესდა მორის ტილე ჭიდაობით – გრძელი საზღვაო მსვლელობების დროს გუნდი ამ კონკრეტული სპორტით ინარჩუნებდა ფორმებს. მსოფლიოს გარშემო ხეტიალის დროს მამაკაცი თავის გარეგნობას შეეგუა და გარკვეული იუმორითაც კი დაიწყო მისი აღქმა. ამიტომ, როდესაც საზღვაო ფლოტიდან გათავისუფლების შემდეგ ტილემ მიიღო მოწვევა კინოში ძალების მოსინჯვის მიზნით, ის სიხარულით დათანხმდა.

მისი მონაცემებით, მორისს ჰქონდა შესაძლებლობა, ეთამაშა მხოლოდ კომიკურ ფილმებში და შეესრულებინა მეორეხარისხოვანი როლები. არაერთი არც თუ ისე ინტელექტუალური ფილმის გადაღების შემდეგ, ტილემ გააცნობიერა ასეთი კარიერის უაზრობა და გადავიდა კინოსტუდიის დაცვაში.

დიდი ალბათობით, ის სიცოცხლის ბოლომდე იმუშავებდა დარაჯად, დაიცავდა გადასაღებ რეკვიზიტებს, რომ არა საბედისწერო შეხვედრა პროფესიონალ მოჭიდავესთან. კარლ პოჯელო დაიბადა და გაიზარდა ლიტვაში, მაგრამ მოჭიდავის კარიერამ მას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესაძლებლობა მისცა. ის გამოდიოდა ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთსა და იაპონიაში. ტილესთან შეხვედრის დროს სპორტსმენს კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა და ეწეოდა სამწვრთნელო და პროდიუსერულ საქმიანობას.

კარლმა მორისი დაინახა საფრანგეთის ერთ-ერთ ბულვარში – ძნელი იყო არ შეემჩნია ხალხში ახალგაზრდა გიგანტი. იგი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ ნამდვილი საჭიდაო ბრილიანტი იდგა, რომელსაც მხოლოდ ტრამპლინი სჭირდებოდა.

ახალგაზრდა ფრანგს ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა სპორტული შოუების მაყურებელთან წარმატების მისაღწევად: ფიზიკური ძალა, უჩვეულო გარეგნობა, ხიბლი და, რაც მთავარია, სამსახიობო გამოცდილება. მორისი, გარკვეული ყოყმანის შემდეგ, დათანხმდა ჭიდაობაში ეცადა ძალები – დარაჯის ჯიხურში მოქცეული სკამის გარდა, დასაკარგი არაფერი ჰქონდა.

გამოცდილი პოჯელოს ხელმძღვანელობით, ტიემ სწრაფად მიაღწია პროგრესს ჭიდაობაში. კარლი მონაწილეობდა სპორტსმენის იმიჯის შექმნაში, ტრიუკების დადგმაში, სასწავლო პროგრამების შემუშავებაში და ხელშეკრულებების გაფორმებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მორისი მორჩილი სტუდენტი და, როგორც აღმოჩნდა, ნიჭიერი მოჭიდავეც იყო, ამიტომ წყვილის საქმეები სწრაფად წავიდა აღმართზე.

უჩვეულო გარეგნობის მქონე ქარიზმატული მოჭიდავე სწრაფად გახდა მაყურებლის ფავორიტი. მან ევროპაში დიდი წარმატება მოიპოვა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოების ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. ამის წყალობით, მორისმა უპრობლემოდ მოახერხა ამერიკის მოქალაქეობის მიღება. შეერთებულ შტატებში მოჭიდავე ცნობილი გახდა, როგორც ფრანგი ანგელოზი და მისი საფირმო ნაბიჯი იყო „დათვი“, საიდანაც მოწინააღმდეგე თავის დაძვრენას ვერ ახერხებდა.

ტილეს კარიერა ჭიდაობაში ოც წელს გაგრძელდა. მორისი არაერთხელ გახდა ჩემპიონი, მაგრამ მიუხედავად უხეში პროფესიისა, გულში ისეთივე კაცად დარჩა. სპორტსმენი ღრმად რელიგიური ადამიანი იყო და მის რეაქციებზე – როდესაც სხვისი უბედურების შესახებ შეიტყობდა – ლეგენდები დადიოდა. სპორტსმენმა მრავალი საქველმოქმედო შოუ გამართა, საიდანაც თანხები გადაირიცხა ობოლთა სახლებსა და საავადმყოფოებში. კარლი მხარს უჭერდა მორისს ყველა საქმეში.

ერთად მუშაობის წლების განმავლობაში ტილე და პოჯელო ახლო მეგობრები გახდნენ და მორისი, პრაქტიკულად, მწვრთნელის ოჯახის წევრი იყო. შემთხვევით, მოჭიდავესა და მის მენტორს ჯანმრთელობის პრობლემები თითქმის ერთდროულად შეექმნათ – კარლს ფილტვის კიბო დაუდგინეს, მორისს კი აკრომეგალიასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების გამწვავება დაეწყო.

პოჯელო გარდაიცვალა 1954 წლის 4 სექტემბერს, ხოლო მისი მეგობარი ტილე – სამწუხარო ამბის მიღებიდან სულ რამდენიმე საათში, გულის შეტევით. გადაწყდა, რომ არ განეშორებინათ მეგობრები სიკვდილის შემდეგ, ამიტომ კარლი და მორისი ერთსა და იმავე საფლავში დაკრძალეს ლიტვურ სასაფლაოზე ჯასტიშიში, კუკის ოლქში, ილინოისი. მათ საერთო საფლავის ქვაზე ამოკვეთილია მოკლე, მაგრამ ტევადი ეპიტაფია: „და სიკვდილს არ ძალუძს მეგობრების განშორება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები