სუს-ი: 2022 წელს, საქართველოში მყოფმა რადიკალურად განწყობილმა უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქემ ქვეყანა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების, ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, საქართველოში არც ტერორისტული ინციდენტები დაფიქსირებულა.
„ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და გამოძიების მიმართულებით წამყვანი უწყება, მჭიდროდ თანამშრომლობს კონტრტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ სხვა სახელმწიფო უწყებებთან.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება.
„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველომ ბოლო ადგილი (ისევე როგორც რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ) დაიკავა, რაც გულისხმობს, რომ 2022 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები, არ ფუნქციონირებდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი და მინიმუმამდე იყო შემცირებული ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების რისკები. 2022 წელს, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა აქტიური რადიკალური/ექსტრემისტული კერები, ხოლო ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერთა რიცხვი კვლავ დაბალი იყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული გამოძიების შედეგად, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისა და დახმარების ფაქტზე, 2022 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულ იქნა „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი. აღნიშნული პირი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური იყო. ტოხოსაშვილი ახორციელებდა ტერორისტულ აქტივობებს და სირია-ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, სხვა რელევანტურ უწყებებთან კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, 2022 წელს, საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აქტიურად მუშაობდა ქვეყანაში ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში, კიბერსივრცეში ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდის შესაძლო გავრცელების ფაქტებზე მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობდა. გამოვლენილ საფრთხეებზე ხორციელდებოდა მყისიერი რეაგირება.
2022 წელს, აღნიშნული მიმართულებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც, საქართველოში მყოფმა რადიკალურად განწყობილმა უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქემ ქვეყნის ტერიტორია დატოვა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება კვლავ ქმნიდა ტერორისტულ რისკებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წინაშე შემდეგი ტერორისტული საფრთხეები და გამოწვევები არსებობს: საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერების მიერ საქართველოში შესაძლო თავდასხმის განხორციელება, სირიასა და ერაყში მყოფი, „დაეშისა“ და „ალ-კაიდას“ წევრი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო შემოსვლა, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერების/უცხოელი ტერორისტი მებრძოლების საქართველოში შესაძლო შემოსვლა, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენება, საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების, ან სხვაგვარი დახმარების გაწევის მცდელობა, ტერორისტული ორგანიზაციების წევრების/მხარდამჭერების მიერ საქართველოში მყოფი მოქალაქეების ტერორიზმში შესაძლო გადაბირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები