მამუკა არეშიძე: კრემლში ნამდვილად იგრძნობა სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების შიში

“კრემლში ნამდვილად იგრძნობა სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების შიში. ძნელი სათქმელია, გარისკავს თუ არა ახლა პუტინი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. მართლა ძალიან დიდია შიდა დაპირისპირების ხარისხი. აქედან ზოგს დასუსტებული პუტინი აწყობს, ზოგს საერთოდ სხვა ვინმე”,- ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთში უკიდურესად რთული ვითარებაა.

“რამდენადაც ცნობილი გახდა, თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ულტიმატუმის ფორმა აირჩია. პირველ რიგში, შოიგუს ვგულისხმობ. სავარაუდოდ, გენერალი გერასიმოვი ჩახსნილია, ისევე როგორც გენერალი სუროვიკინი. პრაქტიკულად, ეს ორი გენერალი ვეღარ ახერხებს იმ რანგის ხელმძღვანელობას, როგორსაც ფრონტის ხაზზე. სხვათა შორის, პრიგოჟინის დემარშის შემდეგ გამოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ.

ეს იყო რეალური ჯანყი სპექტაკლის ელემენტებით. პრიგოჟინი რომ მოსკოვის ბრძოლით დაკავებას არ აპირებდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მთელი 9 თვის განმავლობაში 65 000 კაცით ბახმუტი ვერ აიღო და 25 000 კაცით როგორ აიღებდა მოსკოვს, სადაც უამრავი ძალოვანი ინფრასტრუქტურაა შესაბამისი სამხედრო კონტინგენტით?! ამბობს კიდეც, რომ მისი მიზანი შოიგუსა და გერასიმოვის დაპატიმრება იყო. სურდა დაემტკიცებინა, რომ ეს ორი არაფერს წარმოადგენს. თუმცა, ჩანს, პროცესში რაღაც ცვლილება მოხდა. ხომ ნახეთ, პრიგოჟინმა მოსკოვამდე ისე იარა, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ე.ი. გუბერნატორები ავტობუსებითა და ნაგვის მანქანებით უხერგავდნენ გზას და არა სამხედრო ტექნიკით. საბოლოოდ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი შეიცავს სპექტაკლის ელემენტებს.

სავარაუდოდ, წმენდა დაიწყო კიდეც, რამდენიმე მაღალჩინოსანი უკვე გათავისუფლებულია თანამდებობიდან, რამდენიმე მათგანი ქვეყნიდან არის გაქცეული. ვინ არის დაპატიმრებული, ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. მხოლოდ ის ვიცით, რომ სუროვიკინი რამდენჯერმე დაიბარეს დაკითხვაზე. რაც შეეხება პუტინის გასავლელ ბეწვის ხიდს, პარადოქსული ამბავი ხდება. დასავლეთს პროგნოზირებადი პუტინი უფრო სჭირდება რუსეთის ხელისუფლების სათავეში, ვიდრე არაპროგნოზირებადი ახალი ძალა. მსგავსი მაგალითები პოლიტიკის ისტორიას ადრეც ჰქონია. მაგალითად, სტალინს არაერთხელ შესთავაზეს ჰიტლერის ლიკვიდაცია, ის კი ყოველთვის უარს ამბობდა. რატომ? იმიტომ, რომ გერმანიის სათავეში დისკრედიტირებული, უკვე კარგად შესწავლილი ჰიტლერი ერჩია, ვიდრე ახალი პირი. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა ახლაც. რთული სათქმელია, მოახერხებს თუ არა პუტინი სახელისუფლებო წრეებში წმენდის ჩატარებას, იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორია ახლა მის ხელთ არსებული რესურსი. ძალოვანი უწყების სათავეში მყოფი პირები კი არიან პუტინის მომხრეები, მაგრამ ასეთივე განწყობა არ არის რიგით თანამშრომლებში. სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია პუტინის დაღესტანში ვიზიტმა, რომელიც ძალიან პლაკატური იყო. რაც შეეხება ვიზიტის მიზანს, ჩრდილოეთ კავკასიაში დაღესტანი დღეს ყველაზე ცხელი რეგიონია. რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე დიდი დანაკარგი დაღესტანს აქვს. ამასთან, ისინი ვერ ხვდებიან, რისთვის იბრძვიან და რატომ იხოცებიან. მოსკოვს დღემდე არ შეუცვლია ის ნარატივი, რაც ომის დასაწყისში ჰქონდა – უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია! არადა, რაღა დროს ერთი ან მეორეა. რეგიონი უაღრესად მილიტარიზებულია და ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისგან უაღრესად შეკრული ერი ჩამოყალიბდა. ასე რომ, ომის დაწყების მიზანი სრულიად უსაგნო და ბუნდოვანი გახდა, თავად რუსებისთვისაც კი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაღესტანს ჰყავს პუტინის დანიშნული ხელმძღვანელი, რომელსაც არანაირი გენეტიკური კავშირი არა აქვს ამ რეგიონთან. ძალიან არია იქ სიტუაცია. ამიტომ იქ პუტინი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდასაჭერად ჩავიდა, მაგრამ არავინ იცის, რა შედეგს მოიტანს ეს ვიზიტი. რუსეთში უკიდურესად რთული ვითარებაა. პრიგოჟინის დემარში ხალხისთვის იმის ნიშანია, რომ ცენტრალური ხელისუფლება უკიდურესად სუსტია.

ჩინოვნიკური აპარატისთვის ძალიან სერიოზული ნიშანი იყო პრიგოჟინის დემარში. ამიტომაც არის ახლა ასეთი ფუთფუთი სამთავრობო წრეებშიი. ნიშანდობლივი იყო სოლოვიოვის გადაცემაში მომხდარი დაპირისპირება ზატულინსა და შახნაზაროვს შორის. ზატულინმა წამოაყენა ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რუსეთი დასახლებული რუსებით და სხვა ხალხითო. ამან გააღიზიანა სომეხი შახნაზაროვი და სტუდიაში ლამის ხელჩართული ომი გაჩაღდა. ამ დაპირისპირებამ საზოგადოებაშიც პოვა გამოძახილი. რუსულ სოციალურ ქსელებში აქტიურად ისმის ასეთი ფრაზები, პრობლემა გაქვთ რუსებს, მაგრამ ამ პრობლემის გამო ვიხოცებით არარუსებიო. ბევრი ისეთი ნარატივი, იდეოლოგია და მიდგომა გამოჩნდა, რომელიც აქამდე არ ჩანდა. უკვე გამოჩნდნენ ნაციონალური, რელიგიური და რეგიონული ჯგუფები. ამის ერთ-ერთი მაგალითია ნოვოსიბირსკში მიმდინარე ამბები. 90-იანი წლების დასაწყისში ციმბირის გუბერნატორმა ედუარდ როსელმა წარმოადგინა ციმბირის დამოუკიდებლობის გეგმა. ეს იდეოლოგია ამ წლების განმავლობაში მიძინებული იყო, მაგრამ ბოლო დღეებში ისევ აქტუალური გახდა.

კრემლში ნამდვილად იგრძნობა სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების შიში. ძნელი სათქმელია, გარისკავს თუ არა ახლა პუტინი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. მართლა ძალიან დიდია შიდა დაპირისპირების ხარისხი. აქედან ზოგს დასუსტებული პუტინი აწყობს, ზოგს საერთოდ სხვა ვინმე. ოლიგარქების ერთი ნაწილი ეკლესიის გარშემოა გაერთიანებული, მათ ხელისუფლების შეცვლა სურთ. დუგინიც და ზახარ პრილეპინიც (ცნობილი მწერალი და მეომარი, რომელიც უკრაინაშიც იბრძოდა) ამ წრეს განეკუთვნებიან. ახლა იკვეთება, რომ დუგინის ქალიშვილი უკრაინელებმა კი არ ააფეთქეს, არამედ მოსკოვის ძალოვნებმა.

კადიროვმა შესანიშნავად იცის, როგორც კი პუტინი აღარ იქნება, მისი მდგომარეობაც შეიცვლება. ნათქვამიც აქვს, ფიცი პუტინს მივეცი და არა რუსეთსო. გროზნოს ბიუჯეტში გაცილებით დიდი ოდენობის ტრანშები შედის მოსკოვიდან, ვიდრე სხვა რომელიმე რესპუბლიკაში. ჩეჩნეთი ერთადერთია, რომელსაც უფლება აქვს საკუთარი წიაღისეული თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს. შესაბამისად, კადიროვი პუტინის გვერდით იქნება, სანამ პუტინი საბოლოოდ არ გადაიჩეხება, გადაჩეხილ პუტინს კი ხელს არ გაუწვდის. რაც შეეხება იმას, ჩეჩნებმა თავიანთი ისტორიული მეხსიერებიდან საბოლოოდ ამოიღეს თუ არა რუსული სისასტიკე – არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ პირთა დიდი ნაწილი დამნაშავეა ჩეჩენი ხალხის წინაშე. მათ იციან, რომ ჩეჩნეთში სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში პასუხს აუცილებლად მოსთხოვენ. ამიტომ ბოლომდე იბრძოლებენ. ჩეჩნეთს კი დღეს ყველაზე მეტად მილიტარიზებული და კარგად ორგანიზებული არმია ჰყავს არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ რუსეთის ყველა რესპუბლიკას შორის.

ბოლო დროს რეგიონში შექმნილმა რეალობამ სოხუმში არასტაბილურობის განცდა გააჩინა. აღარავის სჯერა იმის, რომ ქართველები აფხაზეთის სამხედრო გზით დაბრუნებას არ შეეცდებიან. ცოტა ხნის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ პრიგოჟინის დემარში შედგებოდა, მოსკოვისკენ სამხედრო კოლონა დაიძვრებოდა? ამ ამბის შედეგად აფხაზებმაც დაინახეს, რომ პუტინის ხელისუფლება არც ისე წელში გამართულია. ისინი ფიქრობენ, რომ სიტუაციის კიდევ უფრო არევის შემთხვევაში საქართველოს რევანში მოუნდება. სოციალურ ქსელში იმასაც ამბობენ, შეიძლება ხელისუფლებამ არა, მაგრამ ხალხმა გადაწყვიტოს შურისძიებაო. ისინი ვერც იმის გარანტიას ხედავენ, რომ ხელისუფლება არ შეიცვლის პოზიციას ან საერთოდ ხელისუფლებაში სხვა განწყობის პირები არ მოვლენ. რაც შეეხება ცხინვალს, იქ თითო-ოროლა კაცია, რომლებიც ეჭვით უყურებენ რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ერიდებიან აზრის ხმამაღლა გამოხატვას. ოსური 150-კაციანი რაზმიდან, რომელსაც “შტორმი” ერქვა, 16 კაცია დარჩენილი, დანარჩენი უკრაინაში დაიღუპა ან დაიჭრა. სულ 25 000 კაცია და ამხელა ადამიანური რესურსის დაკარგვა დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, ვინაიდან მათი ფინანსური კეთილდღეობა მთლიანად რუსულ სამხედრო ბაზაზეა მიბმული.

პრიგოჟინის აჯანყებამდე პუტინიც და მისი გარემოცვაც ირწმუნებოდნენ, რომ “ვაგნერზე” პასუხს არ აგებდნენ და არც ამ დაჯგუფების დაფინანსება იყო მათი საქმე. ახლა პუტინი თავხედურად ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვას “ვაგნერის” შენახვა წელიწადში 96 მილიონი რუბლი უჯდებოდა. ე.ი. თითო მეომარს თვეში 200 000 რუბლი ჰქონდა. ამ ფულის გადამხდელი ახლა აღარავინ არის, მით უფრო, ბელარუსის ბიუჯეტი. ბელარუსში უკვე კეთდება სამხედრო ბანაკი, რომელი 8 000 კაცზეა გათვლილი. ალბათ, ნაწილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დადებს კონტრაქტს და აღარ ექნებათ ძველი ანაზღაურება. ბელარუსში გადასროლილ “ვაგნერელებს”, ცხადია, უკრაინელების წინააღმდეგ გამოიყენებენ. უკრაინელებმა უკვე გაითვალისწინეს ეს და დაიწყეს ბელარუს-უკრაინის საზღვრის გამაგრება. მე ამასობაში ერთი ამბავი გამახსენდა: 2020 წელს სკანდალურად დააპატიმრეს “ვაგნერის” 30 მებრძოლი მინსკში, ერთი ამბავი ატეხეს, სამხედრო გადატრიალებას აწყობდნენო. არადა, სხვა სამხედრო დავალების შესასრულებლად მიდიოდნენ და გზად მოუწიათ მინსკის გავლა. ეს ამბავი პრიგოჟინს დღემდე არ დავიწყებია. რაც შეეხება იმას, პრიგოჟინს ამბოხი შერჩა თუ არა – ჯერ არ გარკვეულა, როგორი იქნება პუტინზე ზეწოლით მიღებული გადაწყვეტილებები. კინო ჯერ კიდევ წინ არის!”,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები