არჩილ გორდულაძე: მშვენიერაძემ ახალი დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს საქართველომ მხარი არ დაუჭირა ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც დაგმობილი იყო ოკუპაცია

,,ქართული ოცნების” წევრი არჩილ გორდულაძე,
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციებს ,,იმედის” ეთერში გამოეხმაურა.

„ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით დღეს ორი ფეიკნიუსი გავრცელდა გარედან დაფინანსებული ადამიანების თუ კონკრეტული ორგანიზაციების (ამ შემთხვევაში მედიას ვგულისხმობ) მიერ. პირველ ნაწილი ეს იყო, როდესაც ამბობდნენ, რომ ქართულმა ოცნების დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ახალი არჩევნები იყო მოთხოვნილი და ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როდესაც სულ რამდენიმე წუთში ეს ტყუილი ამხილეს, შემდეგ ისევ და ისევ გარედან დაფინანსებულმა პირებმა, მაგალითად გიორგი მშვენიერაძემ ახალი დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს საქართველომ მხარი არ დაუჭირა ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც დაგმობილი იყო ოკუპაცია. სწორედაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივა იყო სირიისთვის მოწოდება, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან გაიხმონ, და ამავდროულად უკრაინაშიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გახმობა იყო მოთხოვნილი. ამ ადამიანს, ჯო უილსონს, რომელსაც თურმე ღამეები არ სძინავს საქართველოზე და უკრაინაზე ფიქრით, საერთოდ დაავიწყდა და გამორჩა, რომ უკრაინას ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებული ნაწილი აღიარებული ჰქონდა სერიას და საერთოდ ამაზე სიტყვაც კი არ ჰქონდა დაძრული, რომ არა ნიკოლოზ სამხარაძე საერთოდ განცხადებაც კი გაკეთდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზუსტად ჩვენი გუნდის ინიციატივით და დიდი მუშაობით მოხდა, რომ აღნიშნული ჩანაწერი აისახა უშუალოდ რეზოლუციაში. ეს ადამიანები რომლებიც პირდაპირ გარედან იღებენ დავალებებს ყოველთვის დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც იმართებოდა საპარლამენტო ასამბლეა, ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა ეუთოს გენმდივნის მიერ, რომელმაც პირდაპირ ტყუილში ამხილა როგორც ევროპარლამენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში, როდესაც განაცხადა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი და ეჭვიც კი არ არსებობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ჩატარებული არჩევნები იყო უმაღლეს დონეზე კოორდინირებული და და ორგანიზებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, მათ შორის ევროპარლამენტშიც კი ვნახეთ პირდაპირი შეტევები ეუთო/ოდირზე, რადგან ეუთო/ოდირმა გაბედა და ობიექტური დასკვნა დაწერა, რომელიც პირდაპირ კოვზს ნაცარში უგდებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას.

მთავარია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ქართული ოცნების ხელისუფლებას, მხარი დაგვიჭირა ჩვენ, ეროვნულ ხელისუფლებას და ყველანაირი კითხვის ნიშანი ამით ამოწურულია. ახლა უნდა ადგნენ სხვადასხვა სახელის და გვარის მქონე ადამიანები, ქართველები თუ უცხოელები და ბოდიში მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე იმ ტყუილების გამო, რომელიც თვეების განმავლობაში ავრცელეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ,,ივანიშვილის ოცნებამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, სადაც მოწოდებაა სირიისადმი აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე. ამაზე მოღალატეობრივი რა შეიძლება გააკეთოს პოლიტიკოსმა არ ვიცი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები