გორში მრავალსართულიანი სახლების ეზოების რეაბილიტაცია ხორციელდება
გორში მრავალსართულიანი სახლების ეზოების რეაბილიტაცია ხორციელდება.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ჯამში 12 კორპუსის ეზო რეაბილიტირდება. მათ შორის რამდენიმე კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
“თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება.
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.
მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით 100 – მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. მათი განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება. პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს.
სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
90% – იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.
თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას”,- წერია ინფორმაციაში.