“თუ საქმე დაპირისპირებამდე მივა, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვიქნებით საკუთარი ტერიტორიის დასაცავად”

მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაშია, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მინისტრმა იმ გამოცდილებასა და ხარვეზების გამოსწორებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველომ ომის შედეგად შეიძინა.

“ჩვენც შევისწავლეთ ის შეცდომები, ხარვეზები, რაც ქართული მხარის მიერ ომის წარმოებისას იყო დაშვებული. ეს არის უკვე გამოსწორების გზაზე დაყენებული. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველომ გამოიტანა ის გაკვეთილები, რაც ამ ომიდან და წინააღმდეგობიდან მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენც უკეთ ვემზადებით თავდაცვისთვის იმ შემთხვევაში, თუ ესკალაცია მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნატო-ს გადაწყვეტილებები და ეს სამიტი საქართველოს უფრო დაცულს გახდის. რაც შეეხება ჩვენ მოწინააღმდეგეებს, ამ შემთხვევაში სხვა სახელს ვერ დავარქმევთ რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მინდა, ვთქვა, რომ მუდმივ მზადყოფნაშია საქართველოს შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს დიპლომატიური კუთხით რომ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი დაპირისპირება და საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამას აკეთებს, მაგრამ თუ საქმე მივა დაპირისპირებამდე, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ საკუთარი ტერიტორია, საზოგადოება დავიცვათ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები