ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ქართული ენის შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია მოეწყო.
კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატი 230-მდე ახალგაზრდამ მიიღო. ახალგაზრდების მოთხოვნით, პროექტი 2022 წლიდან ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის, ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სათემო ცენტრებში მიმდინარეობდა.
საზეიმო ღონისძიებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყებიდან დღემდე ენის კურსები დაახლოებით 360-მა ახალგაზრდამ გაიარა.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით პროექტის ,,ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ ფარგლებში, 230-მდე ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ ენის შემსწავლელი კურსები გაიარა. ქართული ენის ცოდნა საზოგადოებაში ამ ახალგაზრდების სრული ინტეგრაციისთვის აუცილებელია, ამიტომ მიხარია, რომ ამას ჩვენი ქვეყნის ახალი თაობის წარმომადგენლები ნათლად აცნობიერებენ” – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები