ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი 25 ივნისს აბიტურიენტებს შეხვდა

25 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიასთან, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებს შეხვდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცეს.

მათივე ცნობით, ჯონდო მდივნიშვილმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა უსურვა. ახალგაზრდებს მერმა მერიის ახალგაზრდული წამახალისებელი პროექტები გააცნო.

„ყველა ლაგოდეხელი აბიტურიენტი, რომელიც სწავლას გააგრძელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაჯილდოვდება. კვლავ მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ წახალისებას ლაგოდეხში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში და მათი შეფასება შემოდგომა/გაზაფხულის სემესტრში, თითოეულ საგანში, 91-იდან და ზემოთ ქულას შეადგენს. მერიის სტიპენდიანტები წელს უკვე ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მუსიკალური ბენდი „Goofy land“-ის  კონცერტით დასრულდა.

აბიტურიენტებთან შეხვედრა მერის ინიციატივით წელს  მეორედ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები