„ეს კაცი გაცილებით წმინდაა, ვიდრე ბევრი ჩვენგანი, ვინც ახლა ანაფორას ვატარებთ“ – რას ამბობდა რუსი ბერი დოსტოევსკიზე

იყო ერთი რუსი ბერი ამბროსი ოპტინელი, ვინც სხვადასხვა დროს სამ თავის თანამედროვე მწერალს შეხვდა: გერცენს, ტოლსტოისა და დოსტოევსკის.
პირველზე, რომელიც მისი დროის უდიდეს მოაზროვნედ ითვლებოდა, უთქვამს, იშვიათად ცარიელი და უტვინო კაციაო. ტოლსტოის შეფასებისას მძიმედ დაუსკვნია – მე ასეთი ცოდნის კაცი არ მინახავს, მაგრამ იმხელა ამპარტავნებაშია, მისთვის ამქვეყნიური ჯოჯოხეთი უკვე დამდგარიაო.
დოსტოევსკიზე კი ასეთი რამ დასცდენია – ეს კაცი, ეს ღრმა სულიერების მქონე კაცი, თავისი სისუსტეების მიუხედავად, გაცილებით წმინდაა, ვიდრე ბევრი ჩვენგანი, ვინც ახლა ანაფორას ვატარებთო. ამდენი აღსარება ჩამიბარებია და არასოდეს შემხვედრია ასეთი უბრალო და თვითგვემაში მყოფი ადამიანი, ვინც თავისი სიდიდით გამორჩეული წმინდანების გვერდით შეიძლება დადგეს ოდესმეო.

დოსტოევსკის კი, მართლა ღრმადმორწმუნე ადამიანს, ბევრი სულიერი ბრძოლა და განსაცდელი ჰქონია, რითიც ძალიან ჰგავს საკუთარ პერსონაჟს, ალექსეის.

ერთ-ერთ წერილში, დოსტოევსკი აღწერს, როგორ ნახა ორიგინალში ჰოლბეინის “The Body of the Dead Christ in the Tomb” (გარდაცვლილი მაცხოვრის გვამი აკლდამაში) და როგორ შეეშინდა, შეეშინდა არ დაეკარგა რწმენა. ისეთი განცდით აღწერს ამ მომენტს, რომ ხვდები, ადამიანის რწმენა მართლაც ბეწვის ხიდივითაა.

ყოველთვის, როდესაც “ძმები კარამაზოვების” პირველი ტომის დასასრული მახსენდება, როცა ბერი ზოსიმეს გვამი ყროლდება, ეს ნახატი და ფიოდორის სახე წარმომიდგება თვალწინ.
როგორც მახსოვს, წერილს ასე ამთავრებს მწერალი: “რომ არა აღდგომა, განახლების იმედი, ახლა უდიდესი ათეისტი ვიქნებოდიო”.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები