სააკაშვილის გამო ბერძენი სამართალდამცველები საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდნენ
გემის შეყოვნებასთან დაკავშირებით, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილებისგან ინფორმაცია პროკურატურაშიც შევიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განუცხადა.
მისი განცხადებით, ბერძნულმა მხარემ საქართველოს იმის დადასტურება მოსთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს, რაც მალევე იქნა უზრუნველყოფილი.
“1-ელ სექტემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოვიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მაშინ როცა იგი ცდილობდა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლას, კერძოდ კუნძულ სამოსზე, აყვანილ იქნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მისი აყვანის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ბერძნული მხარისთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, მიმართული ინტერპოლის გენერალური სამივნოსადმი, რომლის საფუძველზეც ქართული მხარე ითხოვდა მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას. ბერძნულმა მხარემ ქართულ მხარეს მოსთხოვა დაუყოვნებლივ ამ ინფორმაციის დადასტურება. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დასტურის გაგზავნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფორმალურად არ იყო წითელი ცირკულარი გამოცემული, ბერძენი კოლეგები იძულებულნი გახდნენ იგი რამდენიმე საათში გაეთავისუფლებინათ პოლიციის განყოფილებიდან”, – განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gihcgFw2jrE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]