თბილისის მერია 30 მილიონი ლარის სესხს აიღებს

თბილისის მერიის საფინანსო სამსახური ბიუჯეტისთვის 25 მილიონის ნაცვლად 30 მილიონის სესხს ითხოვს. დედაქალაქის ბიუჯეტისთვის 30 მილიონი ლარის სესხის აღების საკითხი თბილისის საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისის სხდომაზე განიხილეს. კომისიამ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის სესხის აღების შესახებ თანხმობის საკითხი განიხილა და დააკმაყოფილა. მერია სესხს კომერციული ბანკებისგან აიღებს. სხდომაზე საკითხი საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ დააყენა. მისი განმარტებით, სესხის აღების აუცილებლობა განპირობებულია იმ ხარვეზებით, რომლებიც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს არსებობდა. კერძოდ, 48 მილიონ 500 ათასი ლარით გაზრდილი ქონების გადასახადის გამო, რომელიც ვერ შესრულდა. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, რატომ არ ხდება ცენტრალურ ბიუჯეტში აკუმულირებული 40 მილიონი ლარის გადატანა ქონების გადასახადის მუხლში და ამ სახით თანხის თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხვა, რატომ არ სურს დედაქალაქის მთავრობას კუთვნილი თანხის ამოღება, ნაცვლად იმისა, რომ 30 მილიონი ლარის კომერციული სესხი აიღოს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ასევე აცხადებენ, რომ თბილისის ბიუჯეტის მიმართ შექმნილი პრობლემები, ხელისუფლების მიერ თბილისისთვის 50 მილიონი ლარის ტრანსფერის გაცემაზე უარმა განაპირობა.
“ჩვენმა მთავრობამ 6 თვის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში, გადაჭარბებით, 107% შეასრულა. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ გახდა საჭირო სესხის აღება და რატომ ვერ ასრულებს “ქართული ოცნება” მის მიერვე დაწერილი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ეს ნათელი დადასტურებაა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დედაქალაქისთვის 50 -მილიონიანი ტრანსფერის ჩამოჭრა იყო სრულიად გაუმართლებელი და მავნებლური ქმედება. როგორც გახსოვთ, ნოდარ ხადურის ამ უპასუხისმგებლო ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას თავის დროზე მინისტრმა დავით ნარმანიამაც გულმხურვალედ დაუჭირა მხარი. ზემოხსენებული ფაქტი და სხვა მრავალი გარემოება ადასტურებს იმას, რომ დღიდან მოსვლისა, ბატონ ნარმანიას მთავრობა, ცენტრალური ხელისუფლების დარად, ცდილობს მოგონილი მიზეზებით თავი აარიდოს საქმის კეთებას და იმ დაპირებების შესრულებას, რომლებიც ასე უხვად დაარიგა წინასაარჩევნო პერიოდში “ქართულმა ოცნებამ”, – აღნიშნეს საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები