თეა წულუკიანი საბერძნეთში სააკაშვილის იახტის შეყოვნებას გამოეხმაურა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საბერძნეთში მიხეილ სააკაშვილის იახტის კუნძულზე შეყოვნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მან მედიისგან შეიტყო.
“მე ეს ამბავი ვიცი მედიისგან, არ მისაუბრია ჩვენი საკონსულოს წარმომადგენლებთან და აქედან გამომდინარე, ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. საერთოდ, ადამიანი როდესაც არის პასუხისგებაში მიცემული და იწყება მისი ძებნის პროცედურები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნებთან და შეიძლება ეს ამითაც იყოს გამოწვეული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, იახტა, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს.