ეკა ბესელია ბრალდებების საპასუხოდ სასამართლოს მიმართავს
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, იმ ადამიანებს, რომლებმაც “სქაი ბარში” მომხდარი ტრაგედიის გამო მისი შვილი დაადანაშაულეს, სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.
უმრავლესობის წევრის განცხადებით, მისი შვილი 25-30 აგვისტოს ქობულეთში, სასტუმრო “ჯორჯიან პალასში” იმყოფებოდა და ამ ინფორმაციის გაცემის უფლება სასტუმროს ადმინისტრაციას თავად მისცა.
“ამ ქვეყანაში მე მავალია ადამიანის უფლებების დაცვა. ამ ადამიანებს შორის არის საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე რატი მილორავა, ადამიანი, რომელმაც საკმაოდ ბევრი ტრავმა მიიღო ჩემს გამო და მგონი, საკმარისია მასზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევების განხორციელება. ის თბილისში არ ყოფილა, უკვე თვეზე მეტია. ბოლო კვირა აჭარაში იყო. ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ რატი მთელი თვის განმავლობაში თბილისში ნახა. ძალიან მიკვირს, რომ ტელევიზიის ყურადღების ცენტრშიც კი მოექცა ორღობის ჭორის დონეზე გავრცელებული მეზღაპრეობა. ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: ყველა ამ ცილისწამებაზე სასამართლოში მიბრძანდებიან და იქ აგებენ პასუხს. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ამით უნდა დამკვიდრდეს ელემენტარული პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის თავს მედიის ნაწილს უწოდებს და თავს უფლებას აძლევს, თავის მიერ გამოგონილი ბინძური ცილისწამებით ადამიანებს ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.