როგორ მოატყუა გამორიყულმა ცხედარმა ნაცისტების არმია

ქალაქ უელვის სანაპიროსთან ბრიტანელი ჯარისკაცის გვამი კაცმა არ იცის, რამდენ ხანს ტივტივებდა.
ადგილობრივმა ბავშვებმა, დედებს რომ გაეპარნენ ზღვაზე სახეტიალოდ და თამბაქოს მოსაწევად, ჯოხით გამოათრიეს მკვდარი. ჯერ მიტოვებას და გაქცევას გეგმავდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მოიფიქრა, გერმანელებს ვუთხრათ და სიგარეტს გვაჩუქებენო.
გვამის დათვალიერება სასიამოვნო საქმე არაა, მაგრამ როცა გევალება, ყურადღებით უნდა გააკეთო შენი ნაწილი, რადგან შეიძლება დაწინაურებასაც გამოკრა ხელი. სწორედ ასე მოხდა აქაც, გერმანელმა ოფიცერმა მკვდრის ჯიბეში ისეთი რაღაცები იპოვა პირდაპირ რომველის კაბინეტში აღმოჩნდა მესამე დღეს.
ბრიტანელი სამხედრო კაპიტანი მარტინი საბუთებით სამხედრო კურიერი იყო და მსახურობდა იმ გემზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანულმა წყალქვეშა ნავმა მოუსავლეთში გაუშვა.
კაპიტანი სიმპათიური ბრიტანელი იქნებოდა ალბათ, საბუთებში ასე ჩანდა, მაგრამ თევზებსა და წყალს გვარიანად დაემახინჯებინა სახე.
ჯიბეში დაშიფრული დეპეშა იყო, რომელიც იუწყებოდა, რომ მოკავშირეები მასირებულ შეტევას ამზადებდნენ სარდინიაზე და რომ ამ შეტევის შემდეგ, ფაშისტების საწარმოების სრულად განადგურება იგეგმებოდა. ვინ ჭამს ასეთ სატყუარას? მით უმეტეს, გამოცდილი რომველი, მაგრამ საინტერესო ამბავი იყო სამხედროს გულისა და მარცხენა უკანა ჯიბეში ნაპოვნი რამდენიმე სხვა გადადღაბნილი ქაღალდის გაშიფვრაც.
ეს იყო კვიტანცია ოქროულობის მაღაზიიდან, საიდანაც სამხედროს ნიშნობის ბეჭედი გამოუტანია, თეატრის 2 გამოუყენებელი ბილეთი, ბანკის წერილი, დროზე თუ არ დაფარავ მერამდენედ გადაცილებულ პროცენტს, შენ ხელმძღვანელობას ვაცნობებთო, მამის პრეტენზიული ტონით მოწერილი რამდენიმე სიტყვა, 2 დღის გაცნობილი გოგო როგორ მოგყავს ჩვენს ოჯახშიო და კიდევ ორი წერილი. ერთი სოფლის პროდუქტების სამინისტროში მომუშავე გოგოსგან, სადაც ის საყვარელ ადამიანთან შეხვედრის მოლოდინს აღწერდა და უსახელო, უმისამართო უსტარი, ასევე სასიყვარულო შინაარსის, რომელშიც პრეტენზიული ტონი და დამუნათება იგრძნობოდა და რომელიც აშკარად კაცის გაკრული ხელით იყო დაწერილი.
გერმანელებმა ყველა დეტალი გადაამოწმეს. საიდუმლო წყაროებით, ბანკის იმ თანამშრომლის შესახებაც კი მოიძიეს ინფორმაცია, ვინც წერილი გააგზავნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი გოგოს ამბავიც მოიკითხეს და ქაღალდის ხარისხიც კი გადაამოწმეს, რომელზეც წერილი იყო დაწერილი. დიახ, ეს სწორედ ის ქაღალდი იყო, რომელსაც სამინისტროებში მეორადი მოხმარებისთვის იყენებდნენ.
წერილების შინაარსი წააკითხეს ნაცისტების ანალიტიკოსებს და მათ დაადასტურეს, რომ ტექსტს სიყალბის არაფერი ეტყობოდა. (საინტერესოა, რომ ისინი, ბრიტანეთის დაზვერვამ ორ ყველაზე ცნობილ მწერალს დაუკვეთა, რომლის სახელებიც დღემდე დაფარულია, რომ არ გამჟღავნდეს მათი თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან).
რომველი დაეჭვდა. ყველაფერს ნამდვილობის სუნი აუვიდა. ისე ჩანდა, რომ მეკავშირეები სარდინიაში შეჭრას მართლა გეგმავდნენ.
გერმანელებმა სამხედროები სასწრაფოდ გადააჯგუფეს და თავდასხმისთვის მოემზადნენ.
რამდენიმე დღეში მკვდარი მარტინის სხეული ბრიტანეთის სანაპირომ გამორიყა. გაზეთებმა სამწუხარო ინფორმაციის შესახებ დაწერეს. იყო წუხილი და საპატიო ყარაულიც. ყველა წერილი ხელუხლებლად იდო იქ, სადაც ჩადეს, მაგრამ ჩერჩილის მთავრობაში უკვე იცოდნენ, რომ გერმანელებმა სატყუარა გადაყლაპეს.
ოპერაციას ხელმძღვანელობდა ლიტერატურის დიდი მოყვარული კაცი, ვინმე ივენ მონტეგიუ, ვინც ყველაფერი “ტროას ცხენის” მიხედვით დაგეგმა.
საინტერესოა ის, რომ ოფიცერი მარტინი ბუნებაში არ არსებობდა. გვამი, რომელიც ბრიტანულმა დაზვერვამ უელვას ნაპირებთან მიაგდო, თვითმკვლელ მაწანწალას ეკუთვნოდა და ის სიკვდილის მერე მაინც გამოადგა სახელმწიფოს.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები