თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 42%-ით გაზრდილია საერთაშორისო ფრენები
აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საერთაშორისო ვიზიტებისა და ფრენების გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა. მან ივნისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო ფრენები დააანონსა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. თითქმის გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები (+93%), ასევე 20%-ით გაზრდილია შიდა ვიზიტებიც. პირველი კვარტალის მონაცემებით გაორმაგებულია ქვეყანაში ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები +102 % -ით.
“ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან დადებითი მაჩვენებლები. გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა და შეადგენს 93%-ს, ასევე, გაზრდილია შიდა ვიზიტების რაოდენობა. შემოსავლებიც შესაბამისად გაზრდილია 102%-ით პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით.
მინდა გითხრათ, რომ გაზრდილია ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. შემდეგ კვირაში განახლდება და შესრულდება 4 -ჯერ რეისი დუბაის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული ნაკადების და ინვესტიციების მოსაზიდად. მინდა აღვნიშნო, რომ წინა წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა გაზრდილია 42%-ით” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. 25 ივნისიდან ბათუმში ფრენებს განაახლებს Fly Dubai კვირაში 4 სიხშირით. არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, 12 ქვეყანაში რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით.
გრძელდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია სამიზნე ბაზრებზე, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის საიმიჯო კამპანიები Euronews, BBC, Deutsche welle – მილიონობით მაყურებლისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.