შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წევრებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან – პაველ ჰერჩინსკისთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის სამეფოს, ესტონეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთისა და შვედეთის სამეფოს ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აქტიურად საქმიანობს, ინფორმაციის გაზიარებასა და კოორდინაციის გზით, ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.