„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ პირს, სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
მოსამართლემ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ სრულად გაიზიარა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან გირაოს ითხოვდა.
დღევანდელ პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, ის დანაშაულს აღიარებს. წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა. გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.