რუსეთი დემოგრაფიულ ხვრელში – როგორ მოქმედებს უკრაინასთან ომი რუსეთში შობადობაზე?
ომის მწვავე ფაზაში რუსეთი ნამდვილ დემოგრაფიულ ხვრელში აღმოჩნდა: შობადობა უკვე რამდენიმე წელია, იკლებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ წლებში ზრდას დაუბრუნდეს. ეს არ არის მხოლოდ მიმდინარე ომის შედეგი, არამედ ქვეყნის მთელი რთული ისტორიის შედეგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
მარტში ქვეყანაში შობადობა – ბავშვთა რაოდენობა ათას ადამიანზე – 3%-ზე მეტით დაეცა. თებერვალში ის 6%-ზე მეტით დაეცა.
2022 წლის ბოლოს ის თითქმის 7%-ით დაეცა. 2015 წლიდან ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად შესვენების გარეშე იკლებს. ბოლოს რუსეთში შობადობის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს იყო 2000-იანი წლების დასაწყისში.
დაცემა ხდება ორი ძირითადი მიზეზის გამო. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ 1990-იან წლებში უფრო ცოტა ადამიანი დაიბადა და, შესაბამისად, იმ ასაკში, როდესაც ქალებს შეუძლიათ ბავშვის გაჩენა, უფრო ნაკლები არიან, ვიდრე ადრე იყო. მეორე ისაა, თუ რამდენს ბავშვს აჩენს საშუალოდ ერთი ქალი. ანუ ქალებმა შეამცირეს მშობიარობის რაოდენობა თავისი რეპროდუქციული ასაკის პერიოდში.
და აქ დემოგრაფების პროგნოზები საკმაოდ საგანგაშოა: წელს შობადობამ შესაძლოა, 1990-იანი წლების ბოლოს დონემდეც დაიწიოს.
ეს ყველაფერი იწვევს დემოგრაფიულ ხვრელს: ახალშობილთა რაოდენობა დაღუპულთა რაოდენობაზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა არ არის.
წლიდან წლამდე რუსეთის პრეზიდენტი თითქმის ყველა საჯარო გამოსვლაში საუბრობდა დემოგრაფიისა და ოჯახების მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ამისათვის ხელისუფლებამ მთელი რიგი ზომები მიიღო.
მაგრამ ქვეყანა მაინც აღმოჩნდა დემოგრაფიულ ხვრელში, საიდანაც გაურკვეველია, თუ როგორ უნდა გამოვიდეს – მოსახლეობა უფრო მცირდება. ომმა კი პრობლემები მხოლოდ გაამწვავა.
რატომ იკლებს შობადობა რუსეთში?
მთავარ როლს ფუნდამენტური ფაქტორები თამაშობს – ისინი არ უკავშირდება უკრაინასთან ომს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. უფრო სწორად, არამხოლოდ მათ. ეს არის გასული წლების და ქვეყნის რთული ისტორიის გამოძახილი.
მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთში ახლა ცოტაა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი – და ისინი არ არიან მზად ბევრი შვილის გაჩენისთვის. ამ განტოლების პირველი ნაწილი სწორედ ქვეყნის ისტორიას უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოსახლეობის რაოდენობა და შობადობა შეიცვალა.
ყველაფერი დაემთხვა 1980-1990-იანი წლების კრიზისს. მაშინ ძალიან ცოტა ახალშობილი დაიბადა. ომის შემდგომ დავარდნილი დემოგრაფიის ტალღა არა მხოლოდ არსად გაქრა, არამედ კიდევ უფრო დაეცა.
უფრო მეტიც, ახლა ეს ფაქტი რამდენიმე თაობაზე იქონიებს გავლენას. 2010-დან 2030 წლამდე, იმ ასაკის ქალების რაოდენობა, რომლებშიც ჩვეულებრივ აჩენენ ბავშვებს, 40%-ით შემცირდება, რადგან ისინი არ დაბადებულან 1990-იან წლებში.
2022 წლის მაისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში – 2010 წლიდან 2021 წლამდე – შემცირდა 4,5 მილიონით და ახლა 7,5 მილიონს შეადგენს. პოტენციური დედების რაოდენობის შემცირება იწვევს დაბადებული ბავშვების რაოდენობის შემცირებას – ყოველწლიურად დაახლოებით 2,5-3%-ით.
როგორ მოქმედებს უკრაინასთან ომი რუსეთში შობადობაზე?
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, სანქციები და შედეგად ეკონომიკური კრიზისი „დემოგრაფიული ტალღის“ დაცემას დაერთო.
ჯერჯერობით, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, 2022 წლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საომარ მოქმედებებს მცირე გავლენა აქვს მთავარ ინდიკატორებზე.
2022 წლის თებერვალ-მარტში პანიკა იყო, რუბლის კურსი მკვეთრად დაეცა, უცხოურმა კომპანიებმა დაიწყეს ქვეყნიდან გასვლა და ხალხის ნაწილმა ქვეყანა დატოვა. შობადობის მცირე ვარდნა, უფრო სწორად, არა მუდმივი ვარდნა მაინც შეიმჩნეოდა, მაგრამ ამას არა შობადობის კლებას, არამედ მოკლევადიანი გადავადება უწოდეს.
მკვლევრები დასავლეთიდან ამბობდნენ, რომ რუსეთში 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში რუსეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შესაძლოა საერთოდ არ იცოდა არაფერი უკრაინაში ომის შესახებ. შესაბამისად, ის მათ გეგმებზე ვერ იმოქმედებდა.
ომმა გამოიწვია რუსეთიდან ემიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა გამოიწვია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დემოგრაფები თანხმდებიან, რომ შეუძლებელია ზუსტი გამოთვლა რუსეთიდან წასული ადამიანების რაოდენობის.
მრავალი შეფასებით, ეს შეიძლება, იყოს მილიონზე მეტი ადამიანი. მაგალითად, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთიდან წასული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა 1,3 მილიონ ადამიანამდე შეაფასა. ანალოგიური შეფასებები გავრცელდა რუსულ მედიაში.
ემიგრაციაში მყოფი რუსები ბავშვების გაჩენას აგრძელებენ – და ეს ბავშვები დაფიქსირებულია შობადობის სტატისტიკაში. ოღონდ არა ოპერატიულში, რომელიც ყოველთვიურად ქვეყნდება, არამედ ყოველწლიურში. ანუ 2022 წლის სტატისტიკაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უცხოეთში დაბადებული ბავშვებიც და ომის პირველ თვეებში ემიგრაციაში ჩასახული ბავშვებიც.