სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და დანაწევრებით განახორციელეს ტრანზაქციები, ასევე უკანონოდ მიღებული თანხებით შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები, რა გზითაც დაახლოებით 1 მილიონი ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
ბრალდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან/სასამართლოსთან და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც მოცემული დანაშაულის, ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მონაწილე პირების შესახებ. შესაბამისად, საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები და თითოეულ ბრალდებულს თანამშრომლობის ხარისხის შესაბამისი სასჯელი განესაზღვრა, ასევე დაეკისრათ ჯარიმა ჯამში 67 000 ლარის ოდენობით.
განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ გამოძიების ეტაპზე დაყადაღებული, 360 000 ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა და 15 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა.