ემუქრება თუ არა საფრთხე შავ ზღვას კახოვსკაიას ჰესის აფეთქების შემდეგ?

„ქუჩები გადაიქცა მდინარეებად, სადაც ყველაფერი მიცურავდა. ყველაფერი, რაც ხალხს ეზოში ჰქონდა“, – ამბობს ხერსონის მცხოვრები. მან წყლიდან რვა ადამიანი, შვიდი ძაღლი და ერთი თუთიყუში გადაარჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ წყლის დონე თანდათან იკლებს, სამხრეთ უკრაინაში ათობით სოფელი და ათასობით სახლი დატბორილია – უზარმაზარი ფართობი, ასობით კვადრატული კილომეტრი.
ეკოლოგები და ექიმები ამბობენ, რომ წყალში ბევრი საშიში ნივთიერებაა მოხვედრილი, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციების, ჰეპატიტის, ბოტულიზმის, ქოლერის და ჯილეხის გავრცელებაც კი.

ამასობაში, შავ ზღვაში, ოდესასთან, პარასკევს დივანი, მაცივარი, ფანჯარა და კერძო სახლის მთელი ნაწილები შენიშნეს. კაშხლის მსხვრევის შემდეგ, ისინი ალბათ წყლის ნაკადმა გაიტაცა.

უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს ხალხს, არა მხოლოდ არ იბანაონ, არამედ არც მიუახლოვდნენ წყალს. ნაგვის გარდა, შიგნით შეიძლება, იყოს საბრძოლო მასალა.
„დიახ, შავ ზღვასაც საფრთხე ემუქრება. დნეპრიდან ყველაფერი ჩადის ზღვაში – ნაგავი, მინები და კანალიზაცია. ეს არის უდიდესი ეკოლოგიური ტრაგედია ჩვენთვის და, შესაძლოა, შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნისთვის. ასევე“, – ამბობს ეკოლოგი ტაისია კოზაკი.

“ხერსონში წყალი თანდათან იკლებს, მაგრამ ნაგავი ჯერ კიდევ ბევრია. მაგალითად, პეტრენკოს ქუჩაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატბორილი იყო, ნაგვის ურნები, პლასტმასის ნაჭრები და ვარდები ცურავს.
ერთ კვირაში, როცა დიდი წყალი დაიწევს, სტიქიის მასშტაბები გაირკვევა”, – ამბობს ანატოლი ოპერჩუკი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან. ის სხვა სპეციალისტებთან ერთად ვითარების დასაკვირვებლად უკრაინის სამხრეთში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები