kommersant.ru: აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილებაა

kommersant.ru აფხაზეთში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილებაა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილების აშკარა ნიშნები მაისის თვეში მომხდარი მოვლენების დროს გაჩნდა – ზოგი აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ერთგული დარჩა, ზოგი კი ოპოზიციას მიემხრო. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ალექსანდრე ანქვაბი იძულებული გახდა გადამდგარიყო, რომელსაც ბრალდება წაუყენეს – გალის რაიონში მცხოვრები ქართველების ხმებით უკანონოდ ისარგებლა, მათი პასპორტები კანონმდებლობის დარღვევით იყო გაცემული და ხმები ისე მიიღო. საბოლოო ჯამში, ქართველებს საარჩევნო ხმის უფლება ჩამოართვეს.
„ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, რომელსაც ახლა ქართველების დამშვიდება მოუწევს. ბევრს ესმის, რომ თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სასაზღვრო რაიონის ინტეგრირებას აფხაზურ საზოგადოებაში, მაშინ აფხაზეთი ტერიტორიულად გაიყოფა. არადა, ამ რაიონის მოსახლეობისათვის ხმის მიცემის ჩამორთმევა რესპუბლიკის იმიჯს ისედაც ზიანს აყენებს“, – აღნიშნულია სტატიაში.
აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ასლან თხაკუშევი კი გამოცემესთან საუბრისას ამბობს, „ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გაიძახის, აფხაზები საკუთარ სამშობლოში მხოლოდ 17 პროცენტიღა დარჩაო, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. აფხაზური საზოგადოება თანდათან ღია საზოგადოება ხდება. აფხაზებმა ისეთი რამ გააკეთეს, რის მაგალითსაც მსოფლიოში ვერსად ვერ იპოვით: დღეს აღმოსავლეთ რაიონებში 60-70 ათასი ქართველი ცხოვრობს. თუ გავითავლისწინებთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობა სულ 250 ათასი მაცხოვრებელია, საყვედურებს ამ საკითხში არ ვიმსახურებთ”.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, აფხაზეთის უძველეს სოფელ ლიხნში ერთი მართლმადიდებლური ეკლესია დგას, რომელიც წარმართული ტაძრის ადგილზეა აშენებული. აქ სალოცავად მოდიან არა მარტო ქრისტიანები, არამედ ისინიც, რომლებიც პატივს სცემენ აფხაზურ ტრადიციულ რწმენას და ადათებს.
„ქურუმი სერგეი შაკრილი ყველასთვის საპატივსაცემო ადამიანია. იგი ამბობს, რომ ძველ აფხაზურ რწმენებში ერთმანეთთანაა გაერთიანებული რელიგია, ტრადიციები, კულტურა, ლეგენდები… სწორედ ამაშია აფხაზეთის განსაკუთრებულობა – აქ შეუთავსებლობის შეთავსებას ახერხებენ. ცდილობენ წინ ისე იარონ, რომ მარავალსაუკუნოვანი კულტურის მარაგი არ დაკარგონ, თუმცა ასე ყოველთვის ვერ ხერხდება. 1990-ანი წლების ომმა აფხაზების ცხოვრების წესს დიდი დარტყმა მიაყენა: ბლოკადამ, ადამიანთა მსხვერპლმა, ნგრევამ და სიძულვილმა სტუმართმოყვარე მთიელთა ტრადიციებში ბზარები შეიტანა. მთიელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქებში გადავიდა, სოფლები დაცარიელდა, შეიცვალა ხალხის მენტალიტეტი, ქალაქებში ადამიანები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ… ნათლიმამობა, კორუფცია, ძვირად ღირებული ავტომანქანების დემონსტრაცია, ზედმეტი სიამაყე და ამპარტავნობა, შური და გაუტანლობა, ძალაუფლების სიყვარული – ეს ყველაფერი იმ მძიმე ავადმყოფობის სიმპტომებია, რითაც აფხაზი ხალხია დაავადებული”, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები