დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, კომპანიებს სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა მოსთხოვონ

დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ კერძო კომპანიებს სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა მოსთხოვონ. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, რომ 1 -ელ სექტემბერს ძალაში შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწას ითვალისწინებს.
“დღეიდან მოქალაქეებს საშუალება აქვთ, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც განხორციელდა პირდაპირი მარკეტინგი. თავის მხრივ, კომპანიები ვალდებულნი არიან მოქალაქის მიმართვიდან 10 სამუშაო დღეში შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება, დანერგონ შეტყობინებაზე უარის თქმის გამარტივებული ფორმა (ნაცვლად წერილობითი განცხადებისა), მოქალაქეებს მისცენ საშუალება, არასასურველი შეტყობინების მიღებაზე უარი თქვან იმავე ფორმით, რა ფორმით განხორციელდა მარკეტინგი ან გამოიყენონ სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება, მაგალითად, მიუთითონ შესაბამისი სატელეფონო ნომერი ან ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა”, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აპარატის ინფორმაციით, 1-ლი ნოემბრიდან ყველა მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა, შესაძლებლობა ექნება ინსპექტორის აპარატს განცხადებით მიმართოს, რადგან კანონის თანახმად, ინსპექტორის მანდატი კერძო სექტორის მიმართ სრულად 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები