პარლამენტის შენობაში საპრეზიდენტო ფლიგელი მხოლოდ პრეზიდენტისთვის აღარ იქნება განკუთვნილი
თბილისში, პარლამენტის შენობის B-ფლიგელში გამოყოფილი „პრეზიდენტის სართული“ ექსკლუზიურად პრეზიდენტისთვის აღარ იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში განუცხადა და განმარტა, რომ თავად პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული სართული დაკეტილი აღარ იქნება და გამოყენებული იქნება მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობისთვის.
„ზოგადად, სახელმწიფოს არ აქვს ბევრი ასეთი დარბაზი ცერემონიებისთვის, მაღალი რანგის ღონისძიებებისთვის. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ჩამოვყალიბდით, რომ მოხდება ამ სართულის რეკონსტრუქცია ისე, რომ იქნება სათანადო ადგილი, როცა პრეზიდენტი მობრძანდება, უზრუნველყოფილი იყოს მისი მუშაობა, როცა პრემიერი მობრძანდება, უზრუნველყოფილი იყოს მისი მუშაობისთვის, უცხოელებისთვის, ყველასთვის – პარლამენტში როცა მოდის სტუმარი, ცხადია, ჩვენც სათანადოდ დავხვდებით. ეს არის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელმაც ბრძანა, რომ ამხელა სართული და ამხელა ოთახი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოსვლისთვის არ სჭირდება. პრეზიდენტი არ თვლის, რომ ეს უნდა იყოს ჩაკეტილი და სხვა ვერავინ ვერ უნდა შემოდიოდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.