ვანო მაჭავარიანი: საგარეო უწყებამ პრეზიდენტს მისთვის განკუთვნილი შესაძლებლობის გამოყენების უფლება არ მისცა
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი უნდა მიდიოდეს. როგორც „კვირას“ მაჭავარიანმა განუცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასამბლეაზე პრემიერის ვიზიტის დაგეგმვით პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჩამოართვა.
„გაეროს გენერალური ასამბლეა არის სახელმწიფო მეთაურების შეკრების ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიოს აქტუალურ თემებზე მათ შეხედულებებს და ასევე არის შესაძლებლობა, შეხვდნენ მათ კოლეგებს და გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაესწრონ მიმდინარე სამიტებს. ფაქტია, პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფო მეთაურს, მისთვის განკუთვნილი შესაძლებლობის გამოყენების უფლება არ მისცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაამისამართა მთავრობის მეთაურზე, რაც ძალიან სერიოზულ უხერხულობას იწვევს, რადგან თუ პრეზიდენტი უარს არ ამბობს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებაზე, სხვა შემთხვევაში ეს არის ამ უფლების მისთვის ჩამორთმევა.
ეს დაიგეგმა გაეროს სამდივნოსთან. მათთან კომუნიკაცია ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს. ფაქტის წინაშე დააყენეს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციას უწვს თავის მართლება. თავის მართლების ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ გენერალურ ასამბლეაზე, თუ არა სამიტზე მაინც იქნება. ეს იგივეა, რომ პრეზიდენტს პარლამენტის სესიაზე გამოსვლის მაგივრად მისცენ კომიტეტზე გამოსვლის უფლება, რაც ქმნის ძალიან სერიოზულ უხერხულობას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილის გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა განაპირობებდა იმას, რომ ის გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა სამიტზე იქნებოდა მიწვეული. ამასთან, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაცია უნდა შეთახმდნენ და პრობლემა გადაილახება. მისივე თქმით, აღნიშნული გარემოებები საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უარყოფითად აღიქმება.