ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის 2022 წლის ანგარიშს გამოეხმაურნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “საქართველოს მთავრობას რეგიონში არსებული ვითარების დამახინჯება სურს, ასევე, უნდა, საკუთარ პროვოკაციებზე პასუხისმგებლობა მეზობელ სახელმწიფოებს დააკისროს”.
ამის შესახებ ე.წ უწყების პრესსამსახურის უფროსმა, მილანა წვიჟბამ საქართველოს მთავრობის 2022 წლის ანგარიშის იმ ნაწილზე განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში „ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის, კონფლიქტის დეოკუპაციისა და მშვიდობიანი მოგვარების მიზნით”.
წვიჟბა აცხადებს, რომ “ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელიც საბოტაჟს ახდენს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმის მუშაობაზე და კატეგორიულ უარს ამბობს აფხაზეთის რესპუბლიკასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე“.
„არსებული წინააღმდეგობების ქართულ-რუსული კონტექსტის მინიჭების ნებისმიერი მცდელობა არის ხელოვნური და აბსოლუტურად უშედეგო. გარდა ამისა, საქართველოს ხელმძღვანელობა აგრძელებს უკიდურესად ნეგატიური როლის შესრულებას ჰუმანიტარული საკითხების კონტექსტში და აგრძელებს ყველაზე დახვეწილი ქმედებების განხორციელებას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, – აღნიშნეს ე.წ.უწყებაში.