ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა. მეზობლების თქმით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ამბობენ, ძმებს შორის კონფლიქტი გვიან ღამით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა დანაშაულის ადგილი დატოვა და მიიმალა. როგორც ცნობილია, 35 წლის მამაკაცმა უმცროსი ძმა მშობლების თვალწინ სანადირო თოფით მოკლა. სამართალდამცვლებმა ის მალევე დააკავეს, ძმა დანაშაულს აღიარებს.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა – 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.