„ტანია“ – კგბ-ს მიერ მომზადებული აგენტი თუ ჩე გევარაზე გულწრფელად შეყვარებული ქალი
1960 წლის 17 დეკემბერს, სავაჭრო შეთანხმებაზე ხელმოწერის დღეს, არაოფიციალურ მიღებაზე ჩე გევარამ 25 წლის გოგონა შეამჩნია, ვინც თვალებში ისე შესციცინებდა მას, თითქოს, სურდა, რაღაც საგმირო საქმე ჩაედინა კუბის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერისთვის.
ჩე მიუახლოვდა გოგოს და ხელზე ხელი მოჰკიდა. ამ დროს წარუდგინეს კიდეც: “თქვენი თარჯიმანი იყო. ლათინური ქვეყნების სპეციალისტია, ოქროს გოგო”.
“ოქროს გოგო” გაწითლდა, თავი დახარა და “ჩე”-ს აღარც გაუშვია ხელი. იმავე გვიან საღამოს კი ისინი საყვარლები გახდნენ. ეს იყო საბჭოთა კავშირის კგბ-ს მიერ მომზადებული სექს-აგენტი, ჰაიდე თამარა ბუნკე, მეტსახელად ტანია,
თამარა ბუენოს აირესში დაიბადა. მამა ორთქოდოქსი კომუნისტი ჰყავდა და თავადაც სკოლის ასაკიდან მოყოლებული მარქსიზმით იყო გატაცებული, სწორედ ამიტომაც წავიდა გერმანიაში “უკეთ შესასწავლად”.
აღმოსავლეთ ბერლინში ჩასული თამარა პირველ კურსზევე გადაიბირა “შტაზმა”. გოგონა ისეთი მწარე კომუნისტი იყო, მალევე გადააბარეს საბჭოთა კგბ-ს.
ბუნკემ ფსევდონიმად “ტანია” მიიღო. ის სპეცმომზადების კურსებზე ჩაწერეს, სადაც ასწავლიდნენ ხელნაწერის მიხედვით ადამიანის სუსტი და ძლიერი მხარეების მოძებნას, საიდუმლო მიმოწერას, გადაბირების ხერხებს, თავდაცვის ილეთებს და… სექსს, როგორც ადამიანზე ზემოქმედების საშუალებას. დიახ, თამარა სექს-აგენტების სიაში იყო და მას განსაკუთრებულად ამზადებდნენ სექსუალური შპიონაჟისთვის. კგბ-ს ძალიან საინტერესო სკოლა ჰქონდა აგენტებისთვის და იმაში გამოიხატებოდა, რომ გადაბირებულ კანდიდატებს მათი ძლიერი მხარეების განვითარებაში ეხმარებოდნენ. მოჭადრაკეს – ჭადრაკის მიმართულებით, მწერალს – ლიტერატურის, სექსაჰოლიკს კი, სექსის.
არასწორი აზრი, თითქოს კგბ-ს გადაბირებული ადამიანი მხოლოდ ჯაშუში ან ძალოვანი იყო, არასწორია, რადგან “კადრს” “ორგანიზაცია” კარიერულ განვითარებაშიც ეხმარებოდა და დარგში შესაძლოა საუკეთესოსაც კი შეარჩევდა ხოლმე. საუკეთესო რეჟისორი, მღვდელი, მეცნიერი, სპორტსმენი და ასე შემდეგ.
თამარა კურსზე ყველაზე სექსუალური გოგო ყოფილა.
23 წლის “ტანიამ” 2-წლიანი მომზადების შემდეგ პირველი სერიოზული დავალება მიიღო. წელიწად-ნახევრის შემდეგ, კუბასთან სავაჭრო შეთანხმების ორგანიზება იგეგმებოდა. ამ ვიზიტზე, სავარაუდოდ, ერნესტო უნდა ჩამოსულიყო და გოგონა, სწორედ კუბელ “ვარსკვლავს”, ლოველასს მიუჩინეს.
18 დეკემბერს “ტანიამ” წერილობითი მოხსენება გააგზავნა კგბ-ში, სადაც კუბელი რევოლუციონერის შესახებ ყველა დეტალს ჰყვებოდა, ინსტრუქციის მიხედვით, ყველაზე ინტიმურ დეტალსაც (ამას კგბ ადამიანების გადაბირებისთვის, ფსიქოპორტრეტის შესაქმნელად იყენებდა).
მაღალჩინოსნები ალბათ მიხვდნენ, რომ თამარა გულწრფელად აღფრთოვანებული იყო კუბელით და 1961 წელს ის არგენტინაში მიავლინეს, ურთიერთობების გასაახლებლად.
1963 წლამდე “ტანია” რეგულარულად აგზავნიდა მოხსენებებს “შინ”. კასტროსა და მისი მარჯვენა ხელის ურთიერთობებზე, კუბაზე, პოლიტიკაზე. სწორედ ბუნკესგან გაიგო საბჭოეთმა, რომ ერნესტო ბოლივიაში რევოლუციის მოსაწყობად მიემგზავრებოდა.
“შენ უნდა ჩაასწრო და მოემზადო!” – იყო ბრძანება და თამარაც ბოლივიის პრეზიდენტის პრეს ოფისში გადაბარგდა, მისი გამოგონილი სახელი ლარა ბაუერი.
სწორედ “ტანიამ” გაუკეთა ყალბი დოკუმენტაცია გევარას, თითქოს ეს უკანასკნელი ამერიკელი სოციოლოგი რამონი იყო და ბოლივიაში კვლევებისთვის ჩასულიყო.
ჩემ შიდაპოლიტიკური არეულობები წამოწყო და მალე ის კგბ-სთვის არასასურველი ფიგურა გახდა, რადგან ლეგენდა გევარა უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ერნესტო, რომელიც მალე ბოლივიას კუბის კონტროლს დაუქვემდებარებდა.
“ტანიამ” ახალი დავალება “ჩე გევარას დაბეზღება ბოლივიის ხელისუფლებაში” მიიღო და ამის შემდეგ იყოფა ვერსიები ორად.
პირველი ვერსიით, თამარას მართლაც შეუყვარდა ჩე გევარა, უარი თქვა საბჭოთა კავშირის დავალებაზე და ამბოხებულებს შეუერთდა, როდესაც მდინარე “რიო გრანდეს” გადალახვისას დაიხრჩო (კისერზე ჩამოკიდებულმა ავტომატი გამოედო მცურავ მორს). მის სიკვდილზე ცნობები ოფიციალურ პრესაშიც დაიბეჭდა. ამბობდნენ, რომ ადგილობრივმა ქალებმა იპოვეს ცხედარი და სოფელში დამარხეს, რომ ის ფეხმძიმედ იყო (ჩე გევარა უარს ამბობდა ამ ვერსიის დაჯერებაზე თავის სიკვდილის ბოლო წუთამდე).
მეორე ვერსიით, “ტანიამ” გასცა ჩე გევერა და მისი გამოყვანა ქვეყნიდან გამოგონილი სიკვდილის ინსცენირებით მოხდა. ამ ვერსიას თუ დავუჯერებთ, ბუნკემ სიცოცხლის ბოლო წლები მოსკოვში, ერთოთახიან ბინაში გაატარა და ახალბედა გადაბირებულებს ლათინურ-ამერიკულ ქვეყნებზე კონსულტაციებს აძლევდა.
არის მესამე ვერსიაც, რომელიც ამბობს, რომ არავითარი კგბ არ ყოფილა, თამარა ბუნკე შემთხვევით აღმოჩნდა მიღებაზე, შემთხვევით გაიცნო ჩე, შეუყვარდა, წავიდა მის მოსაძებნად, იყო გულწრფელი თანამებრძოლი და ყველაფერი კგბ-ს გამოგონილი ჭორია (სხვათა შორის, ბუნკეს დედამ თამარაზე დაწერილ წიგნში სწორედ ეს ვერსია განავითარა).
არავინ იცის 100 %-იანი პასუხი, თუმცა, არსებობს თამარა ბუნკეს მინაწერი ლექსი:
„Will my name one day be forgotten
and nothing of me remain on the Earth?”
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა