პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს
პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბექა გრიგორიადისი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე კარვის გაშლას ცდილობდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრიგორიადისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. გამოძიება მას 7-9 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავება.
დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.