სოფლების – ურთას, ცაიშის, ცაცხვის წყალმომარაგების პროექტირების ახალი ტენდერი ივნისში გამოცხადდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ურთას, ცაიშის და ცაცხვის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად, ხელახალ ტენდერს ივნისში გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ურთას, ცაიშისა და ცაცხვის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურებაზე პირველი ტენდერი 2021 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ელკოსთან“ კი, ხელშეკრულება ამავე წლის 30 ნოემბერს გაფორმდა. ვინაიდან შპს „ელკომ“ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დათქმულ ვადაში ვერ მოახერხა, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო,  პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.

სოფლების – ურთას, ცაიშისა და ცაცხვის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე 2023 წელს გამოცხადებული ხელახალი ტენდერი, მონაწილეების არარსებობის გამო, არ შედგა.

ამ ეტაპზე, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაწყებული აქვს წინა სატენდერო პროცედურები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ურთას, ცაიშის, ცაცხვის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურებაზე, კიდევ ერთი ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. ტენდერის გამოცხადება ივნისშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები