“საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები რუსეთთან კოორდინაციაში უნდა მოხდეს” – ალან გაგლოევი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ “წნელისთან დემარკაციის და დელიმიტაციის სამუშაოები რუსულ მხარესთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას”.

ამის შესახებ მან ე.წ. პარლამენტში, “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის” მიღების დღესთან დაკავშირებით, ხალხისა და პარლამენტისთვის მიმართვისას თქვა.

გაგლოევმა მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, რომლებიც “საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის შემადგენლობაში” მუშაობდნენ.

„თქვენ დიდი სამუშაო გასწიეთ, მოამზადეთ საბოლოო ანგარიში, რომელიც ეხება არა მხოლოდ სახელმწიფო საზღვრის გავლას სოფელ უისტასთან (წნელის), არამედ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მთელ პერიმეტრზე. ამჟამად ანგარიშის სამართლებრივ მხარეს იუსტიციის სამინისტრო სწავლობს, რის შემდეგაც ჩვენ ერთობლივად უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ღონისძიებები ანგარიშის დასკვნების განსახორციელებლად. ეს სამუშაო უნდა განვახორციელოთ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მკაცრი დაცვით და რუსულ მხარესთან თანამშრომლობით, რომელიც უზრუნველყოფს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დაცვას“, – განაცხადა გაგლოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები