“რუსეთის წინააღმდეგ აგრესია აგრესიაა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ” – ალან გაგლოევი
ე.წ.სამხრეთ ოსეთი 29 მაისს “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის” მიღების დღეს აღნიშნავს. ე.წ. პარლამენტში დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ხალხსა და პარლამენტს მიმართავს.
მისი თქმით, ე.წ.სამხრეთ ოსეთს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული “საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ჩვენი მთავარი მოკავშირე არის და იქნება რუსეთის ფედერაცია”.
„რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ჩვენ მიერ განიხილება, როგორც აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. სპეცოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან, მას მხარს უჭერდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. ჩვენი სამხედროები და მოხალისეები, რუს სამხედროებთან გვერდიგვერდ დადგნენ საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეო-ნაციზმთან ბრძოლაში, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი გახდა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამჟამად, “რესპუბლიკას აქვს კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რომელიც თანაუგრძნობს რესპუბლიკის ყველა პრობლემას და მზად არის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში საჭირო დახმარება გაუწიოს”.
„რუსეთის ფედერაციის დარგობრივ სამინისტროებსა და დეპარტამენტებთან ურთიერთქმედება მაღალ დონეზეა, რომლებთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გაზრდის მიზნით“, – აღნიშნა გაგლოევმა.