პრემიერ-მინისტრმა Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Deutsche Welle-ს წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტები მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერვიუს ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა იყო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემისა და ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმებზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება მთავრობის ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათივე ცნობით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა. ამავდროულად, პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ბაზრის დივერსიფიკაციაზე და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის შესახებაც დაუსვეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები