დღეიდან გალერეა ,,გამრეკელი მოდერნი“ ორი კვირის განმავლობაში თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით – „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ“ უმასპინძლებს.
ექსპოზიციაზე გაერთიანებულია 30-მდე ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა.
მას სრული სერია გააზრებული აქვს, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოადგენს პარალელურ, ილუზიურ სამყაროს, რომლის მთავარი იდეური არსი ადამიანია. სერიის მკვეთრი ფერადოვანი გადაწყვეტა დაძაბულ კომპოზიციაში, რაც მნახველში ერთი შეხედვით დადებით ასოციაციებს იწვევს, ავტორის ცხოვრებისეული წყობის მრავალი მესიჯის მატარებელია, რომელიც მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპზე თანაბარმნიშვნელოვანია და ასევე მთავარი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.
თინათინ (თიკო) ბახტაძემ 2003 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, დამთავრებისთანავე მან გააგრძელა მუშაობა ფერწერაში. მისი სტილი განსხვავებულია, მუშაობს სხვადასხვა ტექნიკაში. მისი გაბედული ნახატები აერთიანებს ექსპრესიასა და აბსტრაქციას თავისი უნიკალური სტილით. მისი ინსპირაციის წყარო არის მთელი სამყარო და მათში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც მისი ნამუშევრების მთავარი გმირები არიან. მას არაერთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა, როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.
აღსანიშნავია, რომ მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა 2017 წელს ნიუ იორკის არტ-ექსპოს გამოფენაზე.
თიკო ბახტაძე გამორჩეული ხელწერისთვის 2018 წელს international award caravaggio great master of art -ის ჯილდოთი დაჯილდოვდა. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.