ქუთაისში დაიბადა. ბავშვობიდან უყვარდა ხელსაქმე და ჩხირკედელაობა. დაამთავრა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე განაგრძო.
სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ამჟამად ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონის“ საქმეთა მმართველია.
ამბობს, რომ მისი ნამუშევრები სწავლის და მუშაობის პარალელურად იქმნებოდა.
თითოეული მათგანის შექმნას კი თავისი ისტორია აქვს და მეტად მნიშვნელოვანია მისთვის. – მარიამ მარტაძის პერსონა.
– ბავშვობიდან გიზიდავდათ ხატვა, ხელოვნება? პირველი ნამუშევრები…
– ხელსაქმე ბავშვობიდანვე მიზიდავს, პირველად ტანსაცმლის ესკიზებს ვხატავდი და შემდეგ ვქმნიდი კიდეც, აგრეთვე ვამზადებდი ხელნაკეთ სამკაულებს, ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარს. ჩხირკედელაობა ჩემი დიდი გატაცება იყო და არის დღემდე.
– სკოლის პერიოდი… უნივერსიტეტი. როგორ უთავსებდით სწავლას და ხატვას ერთმანეთს?
– ხელსაქმეს სწავლაში ხელი არასდროს შეუშლია, პირიქით – როდესაც თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა და, იმავდროულად, მქონდა იდეები, მათ მალევე სისრულეში მოვიყვანდი ხოლმე და ასე იქმნებოდა, ბავშვობიდან დღემდე, ჩემი ნამუშევრები. ძირითადი ჩემი გატაცება მაინც სამკაულების შექმნაა.
– წლებია, რაც ქმნით ნამუშევრებს. გვიამბეთ რომელიმეს შექმნის საინტერესო ამბავი…
– ბავშვობიდან დღემდე შექმნილ თითოეულ ნამუშევარს შექმნის თავისი ისტორია აქვს.
განსაკუთრებით აქსესუარებს გამოვყოფ, რომლებიც მამიდის სახსოვარი სკივრიდან აკრეფილი მძივებითა თუ ბისერებით შევქმენი. მამიდა ჩემი შემოქმედების დიდი გულშემატკივარი იყო… მისი სურვილი იყო ჩემთვის პატარა სახელოსნოს შექმნა, სადაც მე ჩემი საოცნებო სამყარო მექნებოდა და ჩანაფიქრს ფრთებს შევასხამდი. სამწუხაროდ, მამიდა 9 წლის წინ გარდამეცვალა და ყველა ჩემ მიერ შექმნილი სამკაული მის ხსოვნას მივუძღვენი.
– მოხატული თეფშები, ქვები, ბოთლები, საყვავილეები… როგორ იქმნება ეს კომპოზიციები?
– ხატვას რაც შეეხება, ფერადი ფერები სულ მიზიდავდა…ერთხელაც ვთხოვე ჩემს შვილს ფუნჯი, საღებავები და საყვარელი ფერები თავადვე გადავიტანე თითოეულ ნახატზე. მერე იდეას იდეა მოჰყვა და ასე შეიქმნა თითოეული მათგანი.
– ნაქარგები ცალკე უნდა აღინიშნოს…
– სულ პატარა ვიყავი, დეიდამ ქარგვა და ქსოვა რომ მასწავლა. პირველი ნაქარგი პატარა ბაჭია იყო, რომელიც ალბათ 6-7 წლის ასაკში მოვქარგე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან იგი ჩემი პირველი სრულყოფილად შესრულებული ნაქარგი იყო. დღემდე სიამოვნებას მანიჭებს, როცა კი მას გავხედავ, იგი ჩემი ტკბილი და უდარდელი ბავშვობის მოგონებაა.
– ჰობი…
– ცხოვრების დიდი ნაწილი სწავლასა და კარიერულ წინსვლას დავუთმე, ჩემი საყვარელი ხელსაქმე კი თითქოსდა, ჰობად იქცა. არ აქვს მნიშვნელობა დროს და ადგილს, მთავარია, იდეა გაჩნდეს და მეც მალევე ვაძლევ დასრულებულ სახეს.
– ოჯახი და ხელოვნება… როგორ გიწყობენ ოჯახის წევრები ხელს შემოქმედებით მუშაობაში…
– დავიბადე ქუთაისში, ტრადიციულ იმერულ ოჯახში, 1990 წელს. მყავს დედა – ბელა თევზაძე, პროფესიით ფერშალ-ლაბორანტი, მამა – გიორგი მარტაძე, ინჟინერი, და – თამარ მარტაძე – მათემატიკოსი, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მეუღლე ლაშა – ლოსაბერიძე ფინანსისტია. მყავს ასევე ქალიშვილი – ანასტასია ლოსაბერიძე.
ოჯახის წევრები ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. მათ კარგად იციან, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს საქმე. ბავშვობაში მშობლები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, ხელი შეეწყოთ ჩემთვის იდეების განხორციელებაში. დღეს კი უკვე მეუღლე და ქალიშვილი მიდგანან მხარში. ხატვა და ხელსაქმე ქალიშვილსაც კარგად ეხერხება და ერთმანეთს იდეებს ვუცვლით ხოლმე.
– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები და იდეები მრავლადაა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მაინც ჩემი ზღაპრული სამყაროთი შექმნილი პატარა სახელოსნოა, სამომავლოდ შესაქმნელი იდეებით. პირველი გამოფენაც ალბათ იქ გაიმართება, სადაც ამაყად ვიტყვი: „შევძელი, ავიხდინე ჩემი ბავშვობის დიდი ოცნება და მოგესალმებით. დიახ, ეს ჩემი სახელოსნოა – ჩემი იდეების პატარა ნავსაყუდელი“.
თამარ შაიშმელაშვილი