შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდაცვით უწყებებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ეფექტიანობა. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების როლზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელში, რაც არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო ნაყოფიერს და ინტენსიურს გახდის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით არსებული კავშირების გაფართოების პერსპექტივები დასახეს.