„ბოლო დროს ლექსებმა დამივიწყეს… სულ უფრო იშვიათად მოდიან, შეიძლება ქვებზე ეჭვიანობენ ან მზოგავენ“…

პროფესიით ექიმია,  პოეზია კი, როგორც ამბობს, სულ იყო მის  ცხოვრებაში… პირველი  ლექსები სკოლის ლიტერატურულ ხელნაწერ ჟურნალ „ბილიკებში“ განათავსეს. მოგვიანებით, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა, მეგობრებთან ერთად ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალი „მუზის ყვავილობა“ დააარსა, ინსტიტუტის გაზეთმა კი მთელი გვერდი დაუთმო მის შემოქმედებას.  
სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში. 2010 წელს კი გამოვიდა პირველი პოეტური კრებული – „მინიმა“.
ქვებისგან ხელნაკეთი ნამუშევრების დამზადება მოგვიანებით, კორონავირუსის პერიოდში დაიწყო. მას შემდეგ 300-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. მონაწილეობდა ბერლინის ვირტუალურ გამოფენაში, საიდანაც დიპლომიც კი ჩამოუვიდა.
ამბობს, რომ სამომავლოდ გამოფენის გამართვას და კატალოგის დაბეჭდვას აპირებს. რა თქმა უნდა, პოეტური კრებულის გამოცემაც სურს. – ექიმი-კარდიოლოგის, პოეტის და ხელოვანის, ნინო ქოქოსაძის პერსონა.    

– ბავშვობიდან წერთ…   პირველი ლექსები…
– დედაჩემს თუ დავუჯერებთ (და კარგია, თუ დედებს ყველაფერს დავუჯერებთ),  ლექსებს იქამდე ვწერდი, სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი. როდესაც ვკითხე, თუ რატომ თვლიდა ის ლექსებად ჩემისთანა პატარა ბავშვის გამონათქვამებს, ამიხსნა, რომ რიტმული იყო და წარმოსახვითი. შეიძლება ასეც იყო, თუმცა დედებს ხომ საკუთარი შვილები ყოველთვის გამორჩეულად მოაზროვნეები ჰგონიათ.
პირველი ხელნაწერი ლექსი იყო მზეზე და სიხარულზე, თუმცა კარგად მახსოვს, დედა მორიგე იყო კლინიკაში და ნათესავთან დამტოვა. ლექსი  ღამით დავწერე, მარტომ და სევდიანმა, მთვარის შუქზე.
პირველი პუბლიკაცია  გამოქვეყნდა  გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“  (რუბრიკა „ირმის ნახტომი“), 1970 წელს.  ჩემს სიხარულს აორმაგებდა ჩემი ლექსის გვერდით დაბეჭდილი კოკო გამსახურდიას მოთხრობა თავის დიდ ბაბუაზე.
სამწუხაროდ, გაზეთი არ მაქვს შემონახული და ძალიან მწყდება გული.
პირველ ექსპერიმენტულში ვსწავლობდი. ლიტერატურის შესანიშნავი პედაგოგები გვყავდა. სკოლაში გვქონდა ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალი „ბილიკები“. იქ იყო  ჩემი პირველი ლექსებიც. სხვათა შორის, ბევრმა ამჟამად ცნობილმა მწერალმა, სწორედ  „ბილიკებში“ აიდგა ფეხი.

„ავტოპორტრეტი“

– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრეთ… რატომ მედიცინა? შემოქმედებითი თვალსაზრისით  თუ იყო  ნაყოფიერი  სტუდენტობის წლები.
– და არა მარტო სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისის სამედიცინო აკადემიის ორდინატურაც. რატომ მედიცინა? ამ კითხვას მეც ხშირად ვუბრუნდები და ძალიან სამწუხარო პასუხი მაქვს… ოჯახის ხათრით.  მე მაქვს ერთი  თვისება, ესაა გადაჭარბებული პასუხისმგებლობა.  იმდენად გადაჭარბებული, რომ ხშირად, მისი მსხვერპლი ვხდები. დანაშაულის კომპლექსში გადამდის და მგონია, რომ რაც არასწორად კეთდება, ყველაფერი ჩემი ბრალია.
სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო, მიუხედავად ლიტერატურის გამორჩეული სიყვარულისა, ყველა საგანს თანაბრად, მაქსიმალური მონდომებით, ვსწავლობდი. უმაღლესი შეფასების ატესტატით დავამთავრე თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა. ერთი, რაც ვერაფრით ვისწავლე, იყო ხაზვა. სწორი ხაზის გავლება ახლაც მიჭირს. მოგვიანებით, როცა თავბრუსხვევებმა და წონასწორობის დარღვევამ შემაწუხა, მენიერის (ანუ ზღვის ავადმყოფობის) დიაგნოზი დამისვეს. ამ სინდრომს  კი,  ფესვები ბავშვობაში აქვს და გასაგებია, რატომაც ვერ ვისწავლიდი ვერასდროს ვერც ხაზვას და ვერც ველოსიპედის ტარებას.
გრძელი პასუხი გამომივიდა, მოკლედ, სამედიცინოზე შევედი იმის გამო, რომ  ბიოლოგიას ისევე კარგად ვსწავლობდი, როგორც ლიტერატურას. ამ გადაწყვეტილებით მშობლების გული მოვიგე, მაგრამ სრულყოფილი არაფერია – ქართულის მასწავლებელი  გამებუტა.
იმ პერიოდში, სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა ძალიან პრესტიჟული იყო.  ამანაც, გარკვეულწილად, მოახდინა ჩემზე გავლენა.

„ვალსი“

ვფიქრობ, არასწორია, როდესაც 17-18 წლის ახალგაზრდა პროფესიის არჩევანის წინაშე დგება. შეუძლებელია ამ ასაკში იცოდე, რა გინდა სინამდვილეში. მე  არ ვიყავი ცუდი ექიმი,  თუმცა შემოქმედი ექიმი ჩემგან არ დადგა, რადგან მაინც სხვა მიმართულებით მქონდა ამის შესაძლებლობა.
ხშირად მინანია, რომ ფილოლოგიური განათლება არ მივიღე, მიგრძნია ამის ნაკლებობა და დღემდე ვცდილობ, თვითგანათლებით შევივსო.
მთლად ექიმობის გამოც ვერ ვსაყვედურობ თავს. წლების მანძილზე ვმუშაობდი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში და არაერთი სიცოცხლე გადავარჩინე. აბა ამაზე უკეთესს რას შევძლებდი ლექსად?)
ექიმის პროფესიის გამო მყავს არაჩვეულებრივი სოციალური წრე და ბოლოს და ბოლოს, 90- იანი წლები სწორედ ჩემი ექიმობით გადააგორა  ჩემმა ოჯახმა.
ჩემი სტუდენტობის  წლებში, მომავალ ექიმებშიც საკმაოდ მოიძებნებოდა ჩემნაირი  პოეტი და მწერალი. შევხვდით, შევიკრიბეთ, ვილაპარაკეთ ლიტერატურაზე და დავაარსეთ ინსტიტუტის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალი – „მუზის ყვავილობა“.
სამედიცინო ინსტიტუტში, რეგულარულად გამომავალმა გაზეთმა, მთელი გვერდიც კი დაგვითმო.  სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ნომერი მოვამზადეთ.
მე სულ ვწერდი… ვწერდი და მაგიდის უჯრაში ვალაგებდი.. არანაირი საჯარო აქტივობა, არანაირი პუბლიკაცია…და ასე…ბევრი წლის მანძილზე, ხშირად უზარმაზარი შუალედებით… იქამდე, სანამ არ დადგა კომპიუტერის ეპოქა. სანამ, ერთ მშვენიერ დღეს, არ აღმოვაჩინე ლიტერატურული საიტი – „literature.ge“ და არ გავხდი მისი ავტორი – წევრი, ნიკით „რენუარი“.
აქ შემამჩნიეს, შემაფასეს და დამიბეჭდეს  თითქმის ყველა მაშინდელ ლიტერატურულ გამოცემაში. მახსოვს თქვენი ჟურნალის, „ანეულის“ მიერ გამოცხადებული, რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულიც გავხდი, მოთხრობით – „კარდიოგრაფით ჩაწერილი ამბები“.
2010 წელს  გამოვიდა ჩემი პირველი პოეტური კრებული – „მინიმა“. გამომცემლობა „საუნჯე“.

„ნიჟარის ნიჟარა“

– ექიმი-კარდიოლოგი ხართ. წერთ ლექსებს, მოთხრობებს… როგორ იქმნება თქვენი ლექსები? როგორ მოდის შთაგონება?
– სრულიად მოულოდნელად, როცა გაეხარდება, როცა პატივს დამდებს… თითქოს ყოვლად უცნაურ დროს და ადგილას… ეს მისი ნებაა და არა ჩემი, ამიტომ მგონია, რომ ლექსები თავისთავად არსებობენ ბუნებაში და მიდიან ადამიანებთან, რომლებიც მზად არიან მათ ჩასაწერად. ამ მზადყოფნას რა განსაზღვრავს,  არ ვიცი,  ვფიქრობ, ეს საჩუქარია.
– რომელიმე ლექსის დაწერის საინტერესო ამბავი…
– ბევრი საინტერესო ამბავი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ ერთი მეჩვენება ტექნიკურად ერთობ გამორჩეულად. ლექსს ჰქვია: „მარინა. ზღვის პეიზაჟი“ და შესულია ჩემი ლექსების კრებულში.
ეს ამბავი კი ასე იყო: ძილბურანში, გონებაში დავწერე პირველი სტროფი, ოღონდ არა ქართულ ენაზე.  ის იყო რითმიანი. მერე ჩავიწერე და გავაგრძელე ქართულად. ქართულადვე ვთარგმნე ჩემივე დაწერილი პირველი სტროფი. რითმა დაიკარგა, მაგრამ მთლიანობაში ლექსი  შედგა.
სავარაუდოდ, მას, თავიდან მისამართი შეეშალა, რადგან უცხო ენაზე ლექსი არც მანამდე და არც მერე, არასოდეს დამიწერია.

„ჭუბერი“

– ამ ბოლო დროს ქვებით  ხელნაკეთ ნამუშევრებს ამზადებთ… რატომ ქვები? როდის გააკეთეთ პირველი ნამუშევარი?
– წარმოსახვის უნარი სულ მაწუხებდა.  ღრუბლებს, ხეებს, უბრალო ლაქებს კედლებზე ან სხვადასხვა ფაქტურის ზედაპირებზე, სულ რაღაცებს ვამსგავსებდი, მაგრამ ისე გავიდა ცხოვრება, არასოდეს მიფიქრია, რომ ამ უნარის მატერიალიზაცია შეიძლებოდა.
ქვების ამბავი კი ასე მოხდა: კორონავირუსით გამოწვეული  პანდემია ახალი დაწყებული იყო, როდესაც მორიგი ვიზიტით, ისრაელში ჩამოვედი. თითქმის ყველაფერი დაიკეტა. მე მანამდეც მიყვარდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სეირნობა, თუმცა  პანდემიის პერიოდში დიდი არჩევანი არც მქონდა. სახლი და ზღვა, სახლი და ზღვა…
საოცარი ქვებია ისრაელის პლაჟებზე. ფერები, ფორმები, ფაქტურა…ვაგროვებდი ქვებს, ვჯდებოდი ქოლგის ქვეშ და ვათვალიერებდი მათ…ზოგში სახე დავინახე, ზოგში მოძრაობა, მერე ფაზლებივით ერთმანეთს შევუხამე და პირველი კომპოზიციებიც გაჩნდა.
დასაკარგად ვერ გავიმეტე, სახლში წამოვიღე და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა გზით დამეფიქსირებინა. ვცადე თიხაში ჩასმა, მაგრამ არ გაამართლა, საბოლოოდ მივედი ცხელი სილიკონით ხის ჩარჩოებში ჩაწებებასთან. ჩარჩოებს ხელსაქმის მაღაზიებში ვყიდულობდი, უბრალოები იყო, ბავშვების სათამაშოდ განკუთვნილი.

„სარკევ, სარკევ“

ასე შეიქმნა სამასამდე ნამუშევარი, რომელსაც პერიოდულად ფოტოებს ვუღებდი და ფეისბუქგვერდზე ვაქვეყნებდი.
წარმოუდგენელი მოწონება დაიმსახურა. მწერდნენ ძალიან თბილ და საინტერესო კომენტარებს, მაქებდნენ. დაინტერესდნენ სერიოზული მხატვრები და ჟურნალისტები.
ვმონაწილეობდი  ბერლინში გამართულ ვირტუალურ გამოფენაში, საიდანაც დიპლომიც კი ჩამომივიდა.
– ქვის კომპოზიციები ანუ მე ვიტყოდი, ქვების პოეზია… პოეტური ჩანახატებია… როგორ იქმნება ეს კომპოზიციები? პროცესზე გვიამბეთ…
– ქვის პოეზია…დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. თავიდან „პლაჟის პაზლი“ დავარქვი, მერე მეგობრები მთავაზობდნენ კარგ იდეებს, თუ რა უნდა დამერქმია. ყველა კარგი იყო, ყველასი მადლობელი ვარ.
საბოლოოდ ავირჩიე „ქვარტი“, რომელიც მხატვარმა და გალერისტმა, გია ქემოკლიძემ შემომთავაზა. გიას ღვაწლზე, ჩემი ნამუშევრების  სრულყოფაში, ცალკე მოგიყვებით.
– ქვები და ფანტაზია… ყველა ნამუშევარი დასათაურებულია. ჯერ თემა მოდის თუ მუშაობის პროცესში იღებს საბოლოო სახეს ნამუშევარი? ამბავიც გექნებათ მოსაყოლი…
– არა, წინდაწინ დაისახო მიზანი, როდესაც ქვები აბსოლუტურად ხელუხლებელია და ბუნებრივი ფორმითაა წარმოდგენილი, შეუძლებელია.
ქვები თვითონ წყვეტენ, ვინ ან რა არიან. მე მათ ისრაელის სხვადასხვა ქალაქის პლაჟებზე ვაგროვებ. ხაიფაში სახეებს, ჰერცელიაში სხეულებს, ათლიტში კიდურებს… ასეა გაფანტული და რა ვქნა. ხეტიალი და ზურგჩანთით მათი ზიდვა მიწევს…
თავად პროცესი იუველირული სამუშაოა, მილიმეტრები ცვლის ფიგურის ხასიათს და განწყობას, განწყობის შექმნა კი, მთავარი ამოცანაა.

„ჰონსიუ. ნისლი“

ვიღებ ქვას, რომელშიც რაღაც  საინტერესო ნიუანსი შევამჩნიე.წარმოსახვაში ვხედავ  მთელ ფიგურას, მაგრამ რადგან მინდა ეს დაინახოს სხვამაც, ამიტომ ვუმატებ დეტალებს, რათა გავუადვილო აღქმა მნახველს. ესაა პროცესი.
როცა სწორად ვპოულობ ამა თუ იმ ფრაგმენტს, ის მართლა ფაზლივით ჯდება ფიგურაში. ამ სწორი ფრაგმენტის მოძებნას კი დიდ დროს ვუთმობ. უამრავ ქვაში განვიხილავ ყველა შესაძლო ვარიანტს, და ბოლოს, ერთზე ვჩერდები.
ჩემი არსენალიდან, ათეულობით ქვა მახსოვს ზეპირად და შემიძლია, მუშაობის დროს, საჭირო ადგილის შესავსებად გამოვიყენო. ეს ალბათ, მთავარი უნარია ამ საქმეში.
სამუშაო სივრცე სულ მოწესრიგებული მაქვს, ვერ ვმუშაობ ქაოსში. ვიცი, რომელ ყუთში  უნდა ვეძებო უმცირესი დეტალიც კი.
სახელების მოფიქრება ყველაზე მეტად მიადვილდება.  ზოგადად, „სნაიპერი“  ნათლია მგონია თავი.
საინტერესო ამბავი კი ის არის, რომ ერთხელ, ხაიფის პლაჟზე ქვების შეგროვებისას, ვიპოვე ქვაში ჩაკირული ოქროს ბეჭედი, ალმასის თვლით. ჩავთვალე, რომ პოსეიდონმა დამასაჩუქრა.
– როდის წერს პოეტი ნინო ქოქოსაძე ლექსს და როდის იქმნება მინიატურა ქვებით?
– ბოლო დროს ლექსებმა დამივიწყეს… სულ უფრო იშვიათად მოდიან, შეიძლება ქვებზე ეჭვიანობენ  ან მზოგავენ, ამდენი ერთად სად შემიძლია…  უკვე „დიიიიდი გოგო“ ვარ…

არეტა ფრანკლინი

– ერთი ლექსი…

–  ლიფტის მინიმა

მეორე.
მესამე.
მეოთხე.
ინთება ტაბლოზე სართული.
მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს –
ყველაფერს ვართულებ!
ახლაც მეეჭვება – სახლში ხარ?
ან იქნებ აღარც კი მიმელი.
აჰ, სხვა დროს!
აჰ, სხვა დროს, ძვირფასო!
………………..
მესამე.
მეორე.
პირველი.

– რაზე მუშაობთ? რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით თავად?
– ამჟამად ფიზიკურად არ ვარ ქვებთან, მიწიერი პრობლემების გადასაწყვეტად გავემგზავრე… სახლში რომ დავბრუნდები, აუცილებლად გავაკეთებ ახალ კომპოზიციებს. ლექსების შემორიგებასაც ვცდილობ, მაგრამ ჯერ ღირებული ვერაფერი შემოვიტყუე…
გამორჩეულად საყვარელი ნამუშევრები, ცხადია, მაქვს. მე მათ გამორჩეულად ძვირფას ადამიანებს დავუთმობდი, ოღონდ გამოფენის შემდეგ.
– ჰობი…
– წიგნების კითხვას არაფერი მირჩევნია. ხაიფაში, მე და  ჩემს შვილს, ძალიან ბევრი წიგნი გვაქვს. უწიგნოდ ვერც ერთი ვერ ვძლებთ. ელვერსიებს ვერ შევეჩვიე, ამიტომ როცა ისრაელში მოვდივარ, ღვინის, ჩურჩხელების და მჭადის ფქვილის ნაცვლად, წიგნებით დატვირთული ჩემოდანი მომაქვს. წმინდა მიწაზე წიგნები ძალიან ძვირია.
ჰო, უკანა გზაზე, საქართველოში, სულ ქვებით სავსე ჩემოდნებით ვბრუნდები და  მეშინია, მესაზღვრეებმა ტერაქტის მცდელობა არ დამაბრალონ ან  ფსიქიატრიულში არ მიკრან თავი…
– სამომავლოდ რას გეგმავთ? ახალი წიგნის ან გამოფენის მოლოდინი ხომ არ უნდა გვქონდეს?

„ჰერცელიის ჰერცოგინია“

– ამ შეკითხვას ველოდი… მე ყველაფერი მინდა, წიგნიც, კატალოგიც, გამოფენაც… აქ, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით იმ ადამიანზე, რომელიც ზემოთ ვახსენე.
გია ქემოკლიძე, პროფესიონალი მხატვარი და გალერისტი, ჩემი დიდი გულშემატკივარი და მოამაგე.  მადლობა ღმერთს, გიამ, ჩემი ამასწინანდელი ვიზიტისას – საქართველოში, გადამაფიქრებინა ნამუშევრების იმ სახით გამოფენა, როგორადაც ვაპირებდი. მან დამარწმუნა, რომ ეს ნამუშევრები უკეთეს წარმოჩენას იმსახურებს. შემომთავაზა მათი გადატანა უფრო დიდ და სერიოზულ ჩარჩოებში და სამუზეუმო მინების ქვეშ განთავსება, მანამდე კი, მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება კატალოგისთვის. რაღა თქმა უნდა, ცამდე მართალია!
მისივე სახელოსნოში დამითმო ადგილი, სადაც ჩამოტანილი ნამუშევრები დავშალე და თავიდან ავაწყვე ახალ, მაღალხარისხიან ზედაპირებზე. გიამ ისინი ჩასვა სერიოზულ ჩარჩოებში სამუზეუმე მინების ქვეშ, მანამდე კი ორგანიზება გაუკეთა ფოტოსესიას, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა, გურამ წიბახაშვილმა ითავა გიას თხოვნით. როგორი მადლობელი ვარ მისი, სიკვდილამდე და იმის მერეც!
შემდეგ ჩამოსვლაზე კიდევ ჩამოვიტან ნამუშევრებს და მათაც მოვაწესრიგებთ. აი, მერე ვიფიქრებ გამოფენაზე. რამდენიმე ცნობილი გალერეა უკვე დაინტერესდა ჩემით, ისევ გიას მეცადინეობით.
კატალოგიც დასაბეჭდია, ვნახოთ, როგორ გავწვდები ყველაფერს, იმედია, გამომივა.
წიგნზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი… მასალა კი მაქვს, მაგრამ წიგნის საკითხში, ტრადიციულად, დიდად არ ვჩქარობ.
ტელევიზიებმა შემომთავაზეს  სიუჟეტების გადაღება, შევპირდი, რომ დავუკავშირდები, როცა საქართველოში ვიქნები. ყველა საკონტაქტო ინფორმაცია შენახული მაქვს.
მინდა მადლობა გითხრათ ამ ინტერვიუსთვის თქვენ და ყველა თვალს, რომელიც მას წაიკითხავს. პატივისცემით, ნინო ქოქოსაძე. 2023 წლის 9 მაისი. ისრაელი.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები