შსს: არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება პირველ მაისს დაიწყო, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები
ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება პირველ მაისს დაიწყო.
შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში, პირველ მაისვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
უწყების ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა, ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვრცელდება ვიდეომასალა.