„როგორც მუსიკას მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში ჰარმონია, ასევეა ჩემთვის ნამუშევრების შექმნის პროცესიც“…

თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრ ტექნიკური უნივერსიტეტი. მუშაობ საქართველოს ფოსტაში. ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ამზადებდა სამკაულებს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის. მასობრივად ხელნაკეთი ნივთების შექმნა კი  ახლახან დაიწყო.
დახვეწილი გემოვნებით შექმნილი ეს სამკაულები ელეგანტურ და მიმზიდველია.
„ჩემი ნამუშევრებით ვცდილობ, მცირეოდენი წვლილი შევიტანო ადამიანების სტილის შექმნაში“.  – გვანცა ჩარკვიანის პერსონა.

–  ხელოვნება ბავშვობიდან გიყვარდათ.  რას გაიხსენებთ ბავშვობიდან?
– დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე 58-ე საშუალო სკოლა. ხელოვნების სიყვარული, ხატვის და ნაკეთობების შექმნის ნიჭი მამისგან გამომყვა. ის მუდმივად ხატავდა ან ხისგან ქმნიდა საინტერესო ფიგურებს. ვხედავდი, როგორ ქმნიდა ამ ყველაფერს და ვცდილობდი, ჩემი წვლილი შემეტანა მათი შექმნის პროცესში.
სკოლის პერიოდშიც ხშირად ვაკეთებდი სხვადასხვა სამკაულს. ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურადაც ვამზადებდი მათ, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის ან მეგობრებისთვის. მაშინ არ მიფიქრია რაიმეს წარმოებაზე.
–  გაქვთ  გვერდი:  G.CH Gallery, სადაც დებთ თქვენს ხელნაკეთ სამკაულებს…
– მასობრივად ხელნაკეთი ნივთების შექმნა სულ ახლახან დავიწყე და დიდი შემართებით ვარ. შევქმენი ფეისბუქგვერდი: G.CH GALLERY. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ ყველაფრის კეთება. როცა ვმუშაობ, სხვა სამყაროში გადავდივარ. ვფიქრობ, ყველა გემოვნების ადამიანისთვის ვქმნი აქსესუარებს და იმედი მაქვს,რომ  ბევრი მათგანის მოწონებას დავიმსახურებ.
ჩემი ნამუშევრებიდან მომწონს გულის ფორმის გულსაბნევები. ჩემთვის ისინი სიყვარულთან და ყველა თბილ გრძნობასთან ასოცირდება.
– თითქმის ყველა ნამუშევარს საინტერესო ტექსტი ახლავს, რომელიც მნახველს იზიდავს. თუნდაც ეს:  „ჩვენი ექსკლუზიური მოდელი.  მასში იგრძნობა ძალა, გამბედაობა და თავისუფლება“…  როგორ შეიქმნა ეს მოდელი? რომელი თვლები გამოხატავს  ხსენებულ  სამ  დამახასიათებელ  ნიშანს?
–  ტექსტები დაკავშირებულია იმ ემოციებთან, რომლებსაც ჩემი ნაკეთობები იწვევს. თითოეულ მათგანში იგრძნობა ის ენერგია, ძალა, რასაც ეს ქმნილებები ატარებს და რომლებიც მისმა მომავალმა მფლობელმა უნდა შეიგრძნოს. თვითდაჯერებულობა და თავისუფლება მთავარია ქალისთვის. ყველა ქალი იმსახურებს, იყოს დადებითი ემოციით სავსე, რაც შემდეგ  სიკეთის და სიყვარულის გაფრქვევაში გვეხმარება. დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს, ბოლოს და ბოლოს.
–  „ბრწყინვალე ფირუზიფირუზი აუმჯობესებს მეხსიერებას. გამოიყენება უძილობის საწინააღმდეგოდ. დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე“... – ესეც თქვენს ფირუზისთვლიან ხელნაკეთს აწერია… ანუ გჯერათ ქვების ენერგეტიკის?
–  ქვების ენერგიის მჯერა. ყველა ქვა თავის ენერგეტიკას ატარებს. მათ თავისი წვლილი შეაქვთ ადამიანის ჯანმრთელობაში. უფრო ზუსტად რომ გითხრათ (ეს ჩემი აზრია): ფიზიკური მდგომარეობა დამოკიდებულია სულიერ მდგომარეობაზე. თუ შენ შინაგანი განწყობა ამაღლებული გაქვს, თუ დადებითი ემოციით სავსე ხარ, ისე ყალიბდება და ვითარდება შენი ჯანმრთელობაც. ეს ქვები და მათგან შექმნილი სილამაზეები კი ნამდვილად ზრუნავენ ჩვენს განწყობაზე.
–  როგორ იქმნება თქვენი სამკაულები?
– აქსესუარებს ჩემი გემოვნებით ვქმნი და თან ვცდილობ, სხვების შეხედულებებიც გავითვალისწინო. მინდა, ნებისმიერი ასაკისთვის სასურველი იყოს. სასიამოვნოა, რომ შენს შექმნილ ნივთებს სრულიად უცხო ადამიანები სიამოვნებით ატარებენ.
–  „მუსიკა თან ახლავს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე. ატარე შენი ჰანგები ყველგან“… მუსიკა და სამკაული…
   მუსიკა ადამიანის ცხოვრებაში დიდ  როლს ასრულებს. როგორც მუსიკას მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში ჰარმონია, ასევეა ჩემთვის ჩემი ნამუშევრების შექმნის პროცესი. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ენერგიით და გრძნობით იქმნება აქსესუარი.
–   ელეგანტურობა და მოდურობა – როგორ უნდა მიაღწიო ამას?
– გამოიყურებოდე ელეგანტურად, ჩემთვის ნიშნავს, სწორად შეარჩიო შენი ჩაცმულობის თითოეული დეტალი და ამ დეტალებში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული აქსესუარია. მე ჩემი ნამუშევრებით ვცდილობ, მცირეოდენი წვლილი შევიტანო ადამიანების სტილის შექმნაში.
–  პირველი აქსესუარი…
– პირველი აქსესუარი საქართველოს დროშის გულსაბნევი იყო, რომლის დამზადებაც თანამშრომელმა მთხოვა. მაშინ შვეიცარიაში მიდიოდა მივლინებით და უნდოდა ქართული აქსესუარი ჰკეთებოდა. ვფიქრობდი, რა გამაკეთებინა ისეთი, რაც მის წარმომავლობას ხაზს გაუსვამდა. ასე შეიქმნა ეს გულსაბნევი და ასე გაგრძელდა ჩემი აქსესუარების შექმნის პროცესი.
– თავად რომელი ქვები გიყვართ და ატარებთ? რომელია თქვენი სამკაული?
– ბუნებრივი ქვებიდან უპირატესობას ფირუზს და მარჯანს ვანიჭებ. მარჯანი უკვდავების და ბედნიერების სიმბოლოდ ძველმა ბერძენმა ბრძენებმა მიიჩნიეს. ფირუზი მუდმივი ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლოა, დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც. ყველა აქ ჩამოთვლილი მდგომარეობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
–  სამომავლო გეგმები…
– მსურს, მყავდეს ბევრი მომხმარებელი. მინდა სიხარულით ატარონ ჩემი ხელნაკეთი ნივთები. ძალიან მინდა მქონდეს სტენდი, სადაც ყველა შეძლებს აქსესუარების რეალურად ნახვას და მათი სილამაზის აღქმას. რეალურად ნანახი გაცილებით ჯობია ფოტოთი შეფასებულს. მე ასე ვფიქრობ.
რას ურჩევდით ქალბატონებს, რომელთაც სამკაულები უნდა შეიძინონ?
– რას ვურჩევ ქალბატონებს რომლებმაც სამკაულები უნდა შეიძინონ? გინდა იყო თავდაჯერებული? ატარე G.CH.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები