დაიბადა გორში, ნოდარ და ცინარი ედიშერაშვილების ოჯახში. ქსოვა ბავშვობიდან ეხერხებოდა…
გორის №4 საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლა სამედიცინო სასწავლებელში განაგრძო, შემდეგ – ქიმია- ბიოლოგიის ფაკულტეტზე და გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში. დაოჯახების შემდეგ ბავშვებისთვის ქსოვდა სათამაშოებს, სათამაშოების ქსოვა ინტენსიურად კი 6 წლის წინ დაიწყო. მისი ნაქსოვი სათამაშოები გაყიდულია უცხოეთის ქვეყნებში – გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში… ყიდულობენ არა მხოლოდ ბავშვებისთვის, დიდებსაც მოსწონთ. – თამარ ედიშერაშვილის პერსონა.
– გორში დაიბადეთ. სკოლაც იქვე დაამთავრეთ. ხატვა და ხელოვნება მაშინაც გიყვარდათ…
– ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი ბებოსთან, თელავში, ძალიან კარგად ქსოვდა და ქარგავდა უმაღლეს დონეზე. მან მასწავლა ქსოვა. უხაროდა, რომ კარგად გამომდიოდა და უფრო ბევრ ცოდნას მიზიარებდა.
– დაოჯახების შემდეგ სამი შვილის დედა გახდით…
– ბავშვებს ვუქსოვდი, აქტიური დედა ვიყავი. სამივე შვილმა სკოლა მედალზე დაამთავრა. ამით ძალიან ვამაყობ. მყავს 4 წლის შვილიშვილიც – ნენე ჩიხრაძე.
– ინტენსიურად, 6 წლის წინ დაიწყეთ ქსოვა… პირველი ნაქსოვები…
– ბავშვობიდან ვქსოვ, 40 წელი გამოდის. რაც სათამაშოებს ვქსოვ, 6 წელი 17აპრილს გახდა. მანამდე ულამაზეს ქუდებს ვქსოვდი. იყიდებოდა მხოლოდ ზამთრის სეზონზე. ამიტომ ჩავანაცვლე სათამაშოებით.
– ნაქსოვი სათამაშოები… ქსოვთ როგორც ზღაპრის გმირებს, ისე სხვა სათამაშოებსაც…
– ეს არის ამიგურუმი – იაპონური ხელოვნება, ხელით ნაქსოვი თოჯინები. ნახვისთანავე დამაინტერესა. ვცადე, მოვქსოვე და ყველას მოეწონა. აღარ გავჩერებულვარ…
– პატარა პრინცი, მელია, ბურატინო და მალვინა, პეპი… ალბათ პატარებს ძალიან მოსწონთ ეს სათამაშოები…
– ვქსოვ ზღაპრის გმირებს, ცხოველებს, ფრინველებს. თავიდან სქემები მჭირდებოდა, ახლა სურათებით ვქსოვ. არის სათამაშოები, რომლებიც ბავშვებმა დახატეს და, დედიკოების თხოვნით, ნახატი ვაქციეთ სათამაშოდ. ის უნიკალური სათამაშოა, ვინაიდან მხოლოდ ერთია.
– როგორ მოიქსოვა უკრაინული თოჯინა?
– უკრაინული თოჯინა მოვქსოვე ჯერ დროშის ფერებში, მეორედ – ეროვნულ ტანსაცმელში.
უკრაინაში, მელიტოპოლში, გვყავს ნათესავები, ძალიან ცუდ დღეში არიან. გული შემტკივა. გორში ვცხოვრობ იმ ქუჩაზე, რომელიც ყველაზე მეტად დაიბომბა. ეს სიმწარე ადრე გამოვცადე.
– თოჯინის შექმნის პროცესი თავისთავად საინტერესოა…
– ყველა თოჯინის შექმნა საინტერესოა. რამდენიც უნდა მოქსოვო ერთი და იგივე გმირი, არც ერთი იქნება ზუსტი ასლი. ყველა რაღაცით განსხვავდება ერთმანეთისგან.
ერთმა ქალბატონმა ჩემი შვილიშვილის ფოტო გამომიგზავნა,რომელსაც ეჭირა კურდღელი. ამ ფოტოზე რომ კურდღელია, მაგის მოქსოვა შეგიძლიაო?
– თქვენი სათამაშოები გაყიდულია უცხო ქვეყნებშიც – გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში… ყიდულობენ არა მხოლოდ ბავშვებისთვის, დიდებსაც მოსწონთ…
– საზღვარგარეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები საყვარელ გმირებს ყიდულობენ, საჩუქრებად აგზავნიან საზღვარგარეთ. იქ დიდ პატივს სცემენ ხელნაკეთ ნამუშევრებს. ემიგრანტებიც ყიდულობენ, ძმისშვილებისთვის და დისშვილებისთვის.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ქსოვაა. სასიამოვნოა, როცა საკუთარ საქმეს ბედნიერება და შემოსავალი მოაქვს.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– გამოფენები არ მქონია. სანამ მოთხოვნა იქნება, მოვქსოვ სათამაშოებს და გავახარებ დიდსაც და პატარასაც.
თამარ შაიშმელაშვილი