ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმში 30 სექტემბერს ჩატარდება
World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას ბათუმი 30 სექტემბერს უმასპინძლებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების ევროპის გალა ცერემონიას ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.
2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში ხორციელდება. World Travel Awards- ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.
გასულ წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის და შემდეგ უკვე, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. წელს კი ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS- ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.
ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.