12 წლის მხატვარი, რომელიც გატაცებულია იაპონური ფერწერით

იგი პროექტ „სამი სავარძლის“ საღამოზე გავიცანი.  როგორც აღმოჩნდა, მისთვის პირველი გამოფენა იყო. ახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე  საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე. სწავლობს ათებზე. მისი ჰობია ხატვა და ცეკვა.დიანა ვეშაგურის პერსონა.

– პირველი ნახატები… როგორ დაიწყეთ ხატვა?
– მყავს მშობლები, მამა – ალექსანდრე ვეშაგური, მშენებელი. დედა – მადონა ქალდანი ხელოვანი; და – ნინო. ოჯახმა ყველაფერში ხელი შემიწყო, ყველაფერი გააკეთეს, რომ მეხატა.
პირველი ნახატი 5 წლისამ  დედაჩემს დავუხატე. ჩემი და ხატვაზე დადიოდა და მეც დამაინტერესა. ამიტომაც მინდოდა ცდა. როდესაც დრო მაქვს, ვხატავ, ყველაზე თავისუფალი დღეები შაბათი და პარასკევი მაქვს.
პირველი ცოცხალი მხატვარი, რომელიც ნახეთ… რომელი მხატვრები გიყვართ?
–  მე ვნახე მედიკო ჯაფარიძე. იგი ჰოლანდიაში მოღვაწეობს. აქაც ჰქონდა გამოფენები 90-იან წლებში. 2000 წლიდან ჰოლანდიაშია და იქ მოღვაწეობს.
მიყვარს: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი და ელენე ახვლედიანი. თითქოს სამივეს აკავშირებს ის ფერები, რომლებსაც იყენებენ ნახატებში.
ლეონარდო და ვინჩი ელენე ახვლედიანზე და ვან გოგზე ცოტა განსხვავებულად ხატავდა, მაგრამ მაინც მიყვარს. ვან გოგი ხატავდა პატარა „შტრიხებით”, ქმნიდა ფერად ნახატს. აუხსნელ შეგრძნებას მიტოვებს მისი ნახატები, ფერები, რომლებსაც ის იყენებს, ძალიან მომწონს.
– რა მასალებს იყენებთ ხატვისას?
– ვხატავ გუაშით, აკვარელით და, რა თქმა უნდა, ვიყენებ ფუნჯებს. აკრილით არ დამიხატავს, მაგრამ აკვარელი ყველაზე მეტად მიყვარს.
–  რომელიმე ნახატის შექმნის საინტერესო ამბავი…
– ძალიან მიზიდავს იაპონიის კულტურული ნახატები და, ზოგადად – იაპონური ფერწერა. მინდოდა, რომ დამეხატა რაიმე იაპონიასთან კავშირში, მაგრამ სულ მავიწყდებოდა ან დრო არ მქონდა.
პირველად როცა ხატვაზე შევედი, მასწავლებელმა იაპონური სალოცავი და საკურა დაგვახატინა აკვარელით. ძალიან გამიხარდა და სიხარულით დავხატე. შედეგი ისე მომეწონა, ტილოზეც გადავიტანე.
– გჭირდებათ თუ არა შთაგონება ხატვისას?
– შთაგონება საჭიროა ყველაფრისთვის, რაც გინდა, რომ გულით გააკეთო… როცა მე მინდა, მაშინ ვხატავ. შთაგონებაც მოდის თავისით…
– გამოფენები… პირველი სერიოზული ნაბიჯი ალბათ პროექტ „სამ სავარძელში“ მონაწილეობა იყო… რა განცდა დაგრჩათ საღამოს დასრულების შემდეგ?
– პირველი გამოფენისთვის არ ვიცი, უფრო სხვანაირი მეგონა, მაგრამ კარგი იყო ისიც, რომ ბევრი ჩემი ნათესავი და მეგობარიც მოვიდა, გამიხარდა.
– ჰობი…
– ხატვა, ფრენბურთი, ცეკვა.

                                                                                       

                                                                                    თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები