ვარშავის გეტოს აჯანყება, რომელშიც 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა
80 წლის წინ, 1943 წლის 19 აპრილს პოლონეთში ვარშავის გეტოს პატიმრების აჯანყება დაიწყო. ჰაინრიხ ჰიმლერმა ბრძანა რეზერვაციის გაწმენდა მისი მცხოვრებლების სიკვდილის ბანაკებში გაგზავნით. ღამის სამ საათზე გეტოს ტერიტორიაზე შევიდნენ გერმანული არმიის რაზმები, გენერალ იორგენ შტროოპის მეთაურობით, საარტილერიო და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით. მაგრამ ნაცისტები შეხვდნენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას, რომელიც ორგანიზებული იყო „ებრაული საბრძოლო ორგანიზაციის“ აქტივისტების მიერ. გერმანელებმა დიდი დანაკლისი განიცადეს, რის შემდეგაც მათ შეწყვიტეს პირდაპირი შეტევა და ხალხთან ერთად დაიწყეს გეტოს სახლების სისტემატური დაწვა.
1943 წლის 8 მაისს გერმანელებმა მოახერხეს აჯანყების წამქეზებელთა დატყვევება. ჯალათებისადმი წინააღმდეგობის სიმბოლური კულმინაცია იყო გეტოზე ლურჯი და თეთრი დროშების აღმართვა.
ვარშავის გეტო 300 000 ებრაელით ევროპაში ყველაზე დიდი გეტო იყო. გეტოში მოხვედრილი ებრაელები იხოცებოდნენ არა იმდენად სასჯელების, არამედ – შიმშილის გამო. რაციონი ერთ პიროვნებაზე შეიცავდა მხოლოდ 183 კილოკალორიას. 1941 წელს ყველა ებრაელისთვის სავალდებულო გახდა გეტოში ცხოვრება, აიკრძალა გეტოს დატოვება და ვარშაველი ებრაელის დახმარება. ასეთი ქმედებები სიკვდილით ისჯებოდა. მიუხედავად ამისა, ფარულმა ორგანიზაცია „ჟეგოტამ“ ასეულობით ებრაელი გადაარჩინა.
1943 წელს ჰიტლერმა მიიღო გადაწყვეტილება ებრაელთა საკითხის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში გაცემული იყო ბრძანება გეტოს განადგურების შესახებ. 1943 წლის 18 აპრილს დაიწყო ვარშავის გეტოს აჯანყება, რომელსაც მორდეხაი ალენევიჩი და მარეკ ედელმანი ხელმძღვანელობდნენ. მიუხედავად ძალების აშკარა სიმცირისა, აჯანყებამ ერთი თვე გაძლო. აჯანყების დროს დახოცეს 7 ათასამდე ადამიანი, ხოლო ხანძრებში დაიწვა 6 ათასი. აჯანყებას შედეგად მოყვა შუცშტაფელის სადამსჯელო ღონისძიებები: 1943 წლის 16 მაისს გეტო გააუქმეს, ვარშავის დიდი სინაგოგა დაანგრიეს, გაანადგურეს მთელი კვარტალი, სადაც გეტო იყო მოწყობილი, ხოლო ებრაელები ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს და დახოცეს. აჯანყების ხელმძღვანელებმა თავი მოიკლეს, სხვები სიკვდილით დასაჯეს, გადარჩა მხოლოდ მარეკ ედელმანი.
გეტოს გადაწვისა და დანგრევის შესახებ ბრძანების შემსრულებელმა, იორგენ შტროპმა ისე ზუსტად შეასრულა დავალება, რომ შენობებისგან კედლებიც არ დარჩა, ომის შემდეგ პოლონელებს ნანგრევები არც გაუწმენდიათ, არამედ მასზე პირდაპირ დააშენეს ახალი შენობები, რაც დღესდღეობით კარგად შესამჩნევია.