„ყოველი გამოფენის შემდეგ გამოხატვის ახალ გზას ვეძებ“ – იურისტი და ფოტოგრაფი, რომელიც დიდი ხანია, მხატვრის ცხოვრებით ცხოვრობს

პროფესიით იურისტია, დაბადა და ცხოვრობს თბილისში. წლების წინ მოქანდაკეობაზე ოცნებობდა, ინტენსიურად ხატვა კი ორი წლის წინ დაიწყო. ხატვამდე  ფოტოგრაფიამ გაიტაცა და, როგორც თავად გვიამბობს, ხშირად მისთვის ეს ფოტოები მომავალი ტილოების ჩანახატებიც გამხდარა.
ოჯახური გარემოს და მშობლების წყალობით, ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდან თან სდევს. ბაბუა – დიმიტრი ყიფიანი კი მუნჯი კინოს ცნობილი მსახიობი იყო.
თბილისის სამხატვრო სკოლების პარალელურად სწავლობდა გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეებთან და მხატვრებთან, მათ შორის გურამ პაპინაშვილთან და ვაჟა ჯალაღონიასთან.
ხუთი პერსონალური გამოფენის ავტორია, მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ, მათ შორის, სამ საერთაშორისო გამოფენაში.
ამბობს, რომ ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება  არის საკუთარი თავის, შეხედულებების, სათქმელის გამოხატვის თავისუფლება – ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. ეთანხმება დიდი მხატვრის სიტყვებს: ხსნა ხელოვნებაშია“. – იურისტისა და მხატვრის, ლევან ყიფიანის პერსონა.

  ბავშვობიდან ხატავთ… ხელოვნების სიყვარული ოჯახისგან გამოგყვათ…
– კი, ბავშვობიდან ნამდვილად ვხატავ (და ვძერწავ).  დედა – ნათელა ლევანის ასული კარანაძე იყო პროფესიით ფილოლოგი და მუსიკის (ფორტეპიანო) პედაგოგი, მამაჩემი – სერგო დიმიტრის ძე ყიფიანი ინგლისურის სპეციალისტი. ჩემი მშობლებიც ხატავდნენ  – თუმცა ეს მათი ნიჭის მრავალფეროვნების გამოვლინება უფრო იყო, ვიდრე მოწოდება…

ლევან ყიფიანის მშობლები – სერგო ყიფიანი და ნათელა კაპანაძე

ბუნების,  მუსიკის, წიგნის, ხელოვნების სიყვარული მათგან გამომყვა,  აღარაფერს ვამბობ ქვეყნის სიყვარულზე  (ბაბუა – დიმიტრი ყიფიანიც ხატავდა, ყოველ შემთხვევაში,  მახსოვს, ერთხელ ცხენი დამიხატა). საინტერესოს რაც შეეხება – რაიმე განსაკუთრებულს არ გამოვყოფ –  ზოგადად რაც ბავშვისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი მაინტერესებდა, დაწყებული ეზოს თამაშებით…
პროფესიით იურისტი ხართ… რატომ იურისტობა, როცა ბაბუა მუნჯი კინოს შემქმნელი იყო, თქვენ კი მხატვრობა და ქანდაკება გიტაცებდათ?

სერგო ზაქარიაძე და  ბაბუა – დიმიტრი ყიფიანი

– ისევ ბავშვობიდან უნდა დავიწყო – მოქანდაკეობა მინდოდა – წლების მანძილზე ვსწავლობდი სამხატვრო სკოლებში, ვემზადებოდი კერძოდ მასწავლებელ მხატვრებთან – მათ შორის უძლიერეს მოქანდაკე – პორტრეტისტ გურამ პაპინაშვილთან, ფერმწერ ვაჟა ჯალაღანიასთან… ერთი სიტყვით, კარგი სკოლა გავიარე, თუმცა სამხატვრო აკადემიაში ვერ მოვხვდი – იმ წლებში ამისათვის მარტო ნიჭი არ იყო საკმარისი… იურიდიულზე კი ჰბარდებოდა საგნები, რომლებიც ზოგადად მაინტერესებდა და მიყვარდა… თუმცა იურისტობამ ცხოვრების ერთგვარი დიდი გამოცდილებაც მომცა.
ინტენსიური ხატვა რამდენიმე წლის წინ დაიწყეთ. მანამდე ფოტოგრაფიამ გაგიტაცათ. როგორც ამბობთ, ფოტოები მომავალი ტილოების ჩანახატებიც გამხდარა…
– უფრო ასე ვიტყოდი – ინტენსიურად ვხატავ ბავშვობიდან იურისტად გახდომამდე. ვმუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურებში, რა დროსაც ხატვისთვის ფიზიკურად ვეღარ ვიცლიდი და სწორედ ამ დროს ფოტოგრაფიამ გამიტაცა – ეს იყო თავისებური შესვენება ხატვებს შორის. რაიმე საგნის, ობიექტის (ქუჩის სცენა, პეიზაჟი…) დახატვის სურვილის შემთხვევაში ვუღებდი მათ ფოტოს.
2012 წლიდან ვუბრუნდები ხატვას და აქ ფოტოგრაფიამ უკვე ერთგვარი ჩანახატების მაგივრობაც გამიწია. იყო შემთხვევები, როდესაც ხატვისას გამხსენებია ჩემი ფოტოები, რომლებიდანაც გარკვეული დეტალები გადმომიტანია ტილოზე…
ფერთა პალიტრა… გამორჩეულია თქვენი ნახატები. თუ დამოკიდებულია ფერი ხასიათზე?

ვანგოგური

– დიდი მადლობა… არ არის გამორიცხული, ფერები, გარკვეულწილად, დამოკიდებული იყოს ჩემს განწყობაზე, თუ როგორ ხასიათზე ვარ მოცემულ მომენტში. ზოგადად, ხატვის დროს კარგ გუნებაზე ვარ  და, პროცესის დამთავრებისას, სასიამოვნო დაღლილობასაც ვგრძნობ. არ ვეთანხმები გამოთქმას ეგრეთ წოდებული „მუზის“ მოსვლა-არმოსვლის შესახებ – ჩემი აზრით, მთავარი დაწყებაა და ხალისი მუშაობისას პროცესში მაინც მოვა…
რომელიმე ნახატის შექმნის საინტერესო ამბავიც გექნებათ მოსაყოლი…
– სტუდენტობის დროინდელ ერთ გრაფიკულ ნახატზე მოგიყვებით: ქუჩაში თვალი მოვკარი ხანში შესულ კაცს (სავარაუდოდ, ნასვამს), რომელსაც ცხვირი ჰქონდა დაზიანებული (როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ ჩაჭყლეტილი). რატომღაც ცხვირი დამამახსოვრდა და, სახლში მისვლისას, ჩემი სახელოსნოს კედელზევე ერთი ამოსუნთქვით დავხატე – სახის დანარჩენი ნაკვთები უკვე წარმოსახვით მივამატე. ჩემი ნახატების შექმნის საფუძველი ყოველთვის სხვადასხვაა – დიდი ხნის ჩანაფიქრი, უეცრად გაჩენილი სურვილი, უბრალოდ ტილოზე მონასმი…
 ბაბუა მუნჯი კინოს შემქმნელი იყო. გვიამბეთ თქვენს წინაპრებზე… მის მეუღლეზეც… 
–  ბაბუა – დიმიტრი ყიფიანი 20-იანი წლების ქართული მუნჯი კინოს ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო – იმ პერიოდის საყოველთაოდ ცნობილ ფილმებში („სამი სიცოცხლე“, „ვინ არის დამნაშავე“, „ნათელა (ფილმის მეორე სახელი – „მჭედელი მიქავა“)“, „ნამდვილი კავკასიელი“ და სხვ.).

ზაალ (ზაზა) ყიფიანი და დიმიტრი ყიფიანი

შეასრულა მთავარი როლები, იღებდნენ არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნების კინოსტუდიებიც. აქვე აღვნიშნავ, რომ ბაბუაჩემის ბაბუა – ზაალ ყიფიანი და საქართველოს ერთ-ერთი დიდი ეროვნული მოღვაწე – წმინდანად შერაცხილი დიმიტრი ყიფიანი იყვნენ ახლო ნათესავები…
ბებია – წარმოშობით პეტერბურგელი ვერა კუპცოვა, პროფესიით იყო სამხედრო ექიმი (დამთავრებული ჰქონდა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია), აგრეთვე იყო მსაჯი აკადემიურ ნიჩბოსნობაში და მის სახელს უკავშირდება  სპორტის ამ სახეობის გავრცელება საქართველოში.

ბებია – ვერა კუპცოვა

უსამართლობა იქნებოდა არ მეხსენებინა ჩემი ბებია-ბაბუა დედის მხრიდან – ლევან კარანაძე – დამსახურებული ინჟინერი, რომელიც 50-იან წლებში თბილისიდან სამუშაოდ  გადაიყვანეს აფხაზეთში და სიცოცხლის ბოლომდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგზაო სამმართველოს უფროსი, მისი ხელმძღვანელობით მრავალი მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული – მათ შორის აფხაზეთი-სვანეთის დამაკავშირებელი გზები… ასევე ბებიაჩემი – ნატალია წიკლაური – დამსახურებული ექიმი გინეკოლოგი.

დიმიტრი ყიფიანის კინოროლი  – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (თავადი)

როგორ უთავსებს ერთმანეთს ხატვას, ფოტოგრაფიას და იურისტობას ლევან ყიფიანი?
–  2014 წლიდან აღარ ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში და  ვცხოვრობ, ასე ვთქვათ, მხატვრის ცხოვრებით – რაც შეეხება ფოტოგრაფიას – როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს შესვენება უფრო იყო, სანამ ხატვას საფუძვლიანად დავუბრუნდებოდი – ამჟამად ჩემი გადაღებული ფოტოები ხანდახან ჩანახატების მაგივრობას მიწევს.

„სამყარო“

პერსონალური გამოფენების ავტორი ხართ.  ამბობთ, რომ თითოეული გამოფენის შემდეგ ახალი ეტაპი იწყება… როგორ აისახება ეს ხელოვანის სულში?
–   ხუთი პერსონალური გამოფენა მქონდა, მონაწილეობა მივიღე  არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, მათ შორის სამი საერთაშორისო იყო. პერსონალურ  გამოფენას ვმართავ მაშინ, როდესაც ერთგვარ ეტაპს ვასრულებ ხატვაში –  თითოეული გამოფენა უნდა განსხვავდებოდეს ძველისგან. გამოფენის შემდეგ გამოხატვის ახალ გზას ვეძებ – არაა გამორიცხული ძველის და ახლის ერთგვარი შერევაც მოვახდინო ხოლმე,  მაგრამ უმთავრესი მაინც ახლის ძიებაა…

„მწერვალისაკენ“

ხატავთ როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს…
–  კი, განწყობის მიხედვით…
„მე მინდა ვხატო ისე, როგორც მე ვხედავ, და არა ისე, როგორც თქვენ ხედავთ“! – ამბობდა ვან გოგი. როგორ ხედავს მხატვარი ლევან ყიფიანი?
– ეს სიტყვები მხატვრისთვის ალბათ დევიზი უნდა იყოს. ადამიანს რეალურ ცხოვრებაში უხდება დათმობებზე, კომპრომისზე წასვლაც… ხელოვნებაში (ამ შემთხვევაში ფერწერას ვგულისხმობ) ეს  გამორიცხულია – ავტორი მუშაობისას თავისუფალი უნდა იყოს.
ხელოვნება სათქმელის გამოხატვის თავისუფლებააო… ამბობთ. რამდენად თავისუფალია ხელოვანი საქართველოში?
–  „ხსნა ხელოვნებაშია“ – დიდი მხატვრის სიტყვებია და სულიერ თავისუფლებასაც ადამიანს ვერავინ წაართმევს. რაც შეეხება საქართველოს – ჩვენთან ხელოვნების სხვა დარგებისა რა გითხრათ, მაგრამ მხატვრობა, ჩემი აზრით, ნაკლებად დაფასებულია, რაც უარყოფითად მოქმედებს ხელოვანის მატერიალურ შესაძლებლობებზე – ეს კი შესაძლოა, აისახოს ხატვის ხარისხზე… ხშირად მინახავს ნაწარმოებები, აშკარად რომ ეტყობა საღებავის ზედმეტად მომჭირნედ გამოყენება… ავტორი არ უნდა ფიქრობდეს, საღებავი ეყოფა თუ არა ნახატისთვის…
ჰობი…
– კინო, თეატრი, ლიტერატურა, მუსიკა, ბუნებაში გასვლა, მოგზაურობა….
ოჯახი… თუ უყვართ ხატვა თქვენს ოჯახში?
– ჩემს ორივე ქალიშვილს  უყვარს ხატვა…
– სამომავლო გეგმები…
– არის მონახაზები გამოფენებისა, მათ შორის უცხოეთში, თუმცა ამჟამინდელიც და სამომავლო  მუდმივი გეგმაც –  ხატვაა… აქვე დავამატებ, რომ დაახლოებით 5 წელია, რაც გავიცანი წმინდა დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი თამარ მიქაძე და მისი მეოხებით გარკვეულწილად ჩაბმული ვარ დიმიტრი ყიფიანის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საქმიანობაში. სამომავლო გეგმებში ამ კუთხითაც ვაპირებ მუშაობას…

                                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები