განმეორებით ჩატარებული კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაში შეფასების მიზნით სააკაშვილს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება ესა თუ ის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. რამდენიმე დღის წინ ჩატარებული იყო კვლევა ორგანიზმში მძიმე მეტალების განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული ჩატარდა გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ. მიღებული პასუხით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით მოწამლული არ არის. შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. აღნიშნული ჯერ კიდევ დადასტურდა შარშან, მაისის თვეში კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევით. შემდეგ თვითონ სააკაშვილის დამცველების დოკუმენტაციის საფუძველზეც, რომელიც მათ წარმოადგინეს, იქაც არცერთი მაჩვენებელი არ ყოფილა დამადასტურებელი, რომ სააკაშვილის ორგანიზმში არის დასაშვებზე მეტი ოდენობა ამ მეტალებისა. ამ ყველაფერმა სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც ნახა ასახვა. განმეორებით ჩატარებული კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არ არის. ეს ცალსახაა. ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, – განაცხადა ურთქმელიძემ.