დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემიის ჭედურობა-მინანქრის ფაკულტეტი. ხელნაკეთი ნივთების კეთება დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყო.
თავდაპირველად აქსესუარებს ამზადებდა მინანქარში, თუმცა უკვე 5 წელი იქნება, რაც ბისერებითა და ნატურალური ქვებით მუშაობამ გაიტაცა. – ნათია ნაროზაულის პერსონა.
– ბავშვობა, ოჯახი… ხელოვნება, ხატვა ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ. რა დაგამახსოვრდათ ბავშვობიდან?
– ხელოვნება ჩემი ცხოვრების ნაწილია. ბავშვობაში ვხატავდი,ვქსოვდი, ვქარგავდი, ბისერებით ვაწყობდი სხვადასხვა სამკაულს და ა.შ. ჩემი ბებოებიც ქსოვდნენ და ქარგავდნენ. ხელსაქმე დედაჩემსაც ეხერხება. ჩემი ოჯახის წევრებს ყოველთვის მოსწონდათ ჩემი შექმნილი სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი.
– თბილისის სასულიერო აკადემიის ჭედურობა – მინანქრის ფაკულტეტი დაამთავრეთ. რით იყო ის წლები საინტერესო?
– ორივე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და საკმაოდ კარგად გამომდიოდა ამის კეთება. ანუ სიამოვნებას მანიჭებდა პრაქტიკის ლექციები. სასწავლებლის პერიოდი იმ მხრივაც იყო გამორჩეული, რომ სულიერ და რელიგიურ ცხოვრებასთან ერთად კიდევ ორი ძალიან საინტერესო ხელსაქმე შევისწავლე.
– ხელნაკეთი ნივთების კეთება დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყეთ. პირველი ნაკეთობანი…
– პირველი ნაკეთობები შევასრულე მინანქარი-ჭედურობის პრაქტიკებზე. სწავლის პერიოდში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაახლოებით ერთი წელი ვქმნიდი დამოუკიდებლად სხვადასხვა ნაკეთობას ტიხრულ მინანქარში. ესენია: ხატები და სამკაულები. ჩემი ნამუშევრებიდან გამორჩეულად მიყვარს ფიროსმანის ნახატიდან აღებული „ორთაჭალის ტურფა მარაოთი” – ტიხრულ მინანქარში შესრულებული.
– 5 წელი იქნება, ბისერებითა და ნატურალური ქვებით ამზადებთ აქსესუარებს…
– გარკვეული მიზეზების გამო, სამწუხაროდ, შევწყვიტე მინანქარზე მუშაობა. ამასობაში, ინტერნეტში წავაწყდი მძივებით ხელნაკეთ გულსაბნევებს და მოვიხიბლე. ვერ ვიტყვი, რომ პირველი მცდელობით და პირველი ნამუშევრით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა არ დავნებდი და დიდი შრომის შედეგად მივედი იმ დონეზე, რომ მეც და ჩემი მომხმარებლებიც კმაყოფილები ვართ ჩემი ნამუშევრებით.
დროთა განმავლობაში მრავალფეროვანი გავხადე ჩემი საქმიანობა. გულსაბნევების გარდა ასევე მძივებით ვამზადებ ჯვრებს, „ბრელოკებს“ და ნაძვის ხის სათამაშოებს. სიმართლე გითხრათ, ჩემი ყველა ნამუშევარი გამორჩეულად მიყვარს, რადგან თითოეული მათგანი დიდი სიყვარულით და სიამოვნებით შეიქმნა.
– შთაგონება თუ გჭირდებათ მუშაობის დროს?
– შთაგონება აუცილებელია, მიმარტივებს ნამუშევრის შექმნის პროცესს.
– რა მასალას იყენებთ?
– აქსესუარების შესაქმნელად ვიყენებ: ბუნებრივ ქვებს, მარგალიტებს, შუშის მძივებს, კრისტალებს, ბისერებს, სტრაზს, ე.წ. კანიწელს…
– როგორ უნდა მოახერხოს ხელოვანმა, რომ თავისი ორიგინალური სტილით გამოირჩეოდეს?
– ჩემი აზრით, ხელოვანი ახერხებს ორიგინალური ნამუშევრების შექმნას იმ შემთხვევაში, თუ აქვს: თანდაყოლილი ნიჭი, მოზღვავებული ფანტაზია, დიდი მონდომება (რომ მაქსიმალურად სუფთა და დახვეწილი ნამუშევრები შექმნას), ფერების აღქმა და დიდი სიყვარული თავისი საქმიანობისადმი.
– ორიგინალური ჯვარი გვირგვინით – მეუღლეს უძღვენით…
– ეს გულსაბნევი ჩემი პირველი ნამუშევარი იყო მამაკაცის კოლექციიდან. მეუღლე იმ დროს იმყოფებოდა ემიგრაციაში და მინდოდა მისთვის რამე ძალიან ორიგინალური საჩუქარი გამეგზავნა, რომელიც, იმავდროულად, ძალიან დიდი სიყვარულით, ჩემ მიერ შექმნილი იქნებოდა.
– გაქვთ გვერდი: NaT_accessory უამრავი მომხმარებელი გეხმაურებათ. როგორ შეიქმნა ნაძვის ხის აქსესუარი ანგელოზი? ანდა ყაყაჩოები?
– ანგელოზი შევქმენი საახალწლო განწყობით, ახალი წლის პერიოდში. უბრალოდ დავიწყე მისი კეთება და მზადების მომენტში მოვიდა იდეებიც. საერთო ჯამში, ნამუშევარი ძალიან ორიგინალური და ლამაზი გამოდის.
რაც შეეხება ყაყაჩოებს, ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემიკვეთა, თუმცა ყველა ნამუშევარში არის ჩემი შტრიხები.
– ჰობი…
– კულინარია.
– როგორ გიწყობთ ხელს ოჯახი თქვენს საქმიანობაში?
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ემიგრაციაში 3 წელი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, 2 თვეა, რაც დაგვიბრუნდა და მაქსიმალურად ცდილობს, ყველანაირად შემიწყოს ხელი ჩემს საქმიანობაში.
– სამომავლო გეგმები…
– ამჟამად ვმუშაობ სახლში და სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი საქმიანობისთვის პატარა ფართის გამოყოფას, სადაც ჩემს მომხმარებლებს და მსურველებს შევთავაზებ მასტერკლასებსაც. ეტაპობრივად აქსესუარებზეც მექნება სიახლეები.
თამარ შაიშმელაშვილი