„ხშირად ღამე ვქსოვ“ – კრუხი წიწილებით, კალათები მოქარგული კვერცხებით და სიყვარულით მოქსოვილი აღდგომა…

დაიბადა  გორში, ქსოვა ბავშვობიდან ისწავლა. ქსოვდა სამოსს. პროფესიით ექთანია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს,  ქსოვს: ტანსაცმელს, ბავშვის კაბებს, ჟაკეტებს, კომბინიზონებს, ფეხსაცმელს, ჩანთებს… ამ ბოლო დროს კი მის გვერდზე სააღდგომო ნაქსოვებიც გაჩნდა. – თვითნასწავლი ხელოვანის, ნინო დავითელაშვილის პერსონა.

– ქსოვდა ყოველთვის იყო ჩემი გატაცება… მახსოვს, როგორ ქსოვდა ჩემი დიდი ბებია, ყოველთვის ინტერესით ვუყურებდი. პირველად ვისწავლე წინდის ქსოვა.
პროფესიით ექთანი ვარ, თუმცა ქსოვა ყოველთვის იყო ჩემი გატაცება, ამჟამად პროფესიით არ ვმუშაობ, ამიტომ ჩემი ძირითადი საქმიანობა ქსოვაა.
მაქვს ჩემი ფეისბუქგვერდი: Ninas’ art, სადაც ჩემი ნამუშევრებია წარმოდგენილი.
– 4 წლის წინ თოჯინების ქსოვა დაიწყეთ…
– რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, მეცადა თოჯინების მოქსოვა, პირველად თოჯინა შვილს მოვუქსოვე. სათამაშომ დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. ამიტომ ეს საქმე გავაგრძელე. თითოეული თოჯინის მოქსოვას დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება, მაგრამ მთავარი მონდომება და საქმის სიყვარულია. ვქმნი სადღესასწაულო კოლექციებს –  საახალწლოს, სააღდგომოს…
– აღდგომა ახლოვდება, თქვენს გვერდზე სააღდგომო აქსესუარები გაჩნდა: მოქსოვილი კვერცხები,  კალათები, წიწილები…
– ახლაც ვმუშაობ სააღდგომო სათამაშოებზე და დეკორაციებზე, უკვე მზად მაქვს კრუხი წიწილებით, კალათები მოქარგული კვერცხებით.
თოჯინების გარდა  ვქსოვ, ასევე, ტანსაცმელს, ბავშვის ჟაკეტებს, კომბინიზონებს, ქუდებს, ფაჩუჩებს.  ასევე ვმუშაობ ჩანთებზე, ყოველთვის ვცდილობ, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს ჩემი ნამუშევრით და, მგონი, ეს გამომდის.
– ოჯახი დიდ დროს მოითხოვს… როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახის საქმეებს და შემოქმედებით საქმიანობას?
– რადგან ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, დღის განმავლობაში დიდი დრო არ მრჩება ჩემი საქმიანობისთვის. ამიტომ ხშირად ღამე ვქსოვ.
– ჰობი…
–  ქსოვასთან ერთად ჰობი – ყვავილებია.  მაქვს ბევრი ლამაზი ყვავილი.
– სამომავლოდ?
– ხშირად მეკითხებიან, ვასწავლი თუ არა ქსოვას, ჯერჯერობით ამის დრო არ მრჩება, მაგრამ სამომავლოდ ქსოვის სკოლის დაარსებას ვაპირებ.


                                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები