კახეთში 15 წლის გოგონაზე, ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, საკუთარმა მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, განმარტავს, რომ, საეჭვო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.
არასრულწლოვნის გაუპატიურების კიდევ ერთი ფაქტი ამავე რეგიონში მოხდა და საქმე ისევ ოჯახის წევრს ეხება.
12 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული.
ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, მამის მიერ შვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას, მამინაცვლის მიერ გერის მიმართ ჩადენილი ქმედების ფაქტზე კი – 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.